პროფესორ ნოდარ ზალდასტანიშვილის დაბადებიდან 80 წელი შესრულდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პროფესორ ნოდარ ზალდასტანიშვილის დაბადებიდან 80 წელი შესრულდა მეცნიერება
5-06-2011, 23:48
გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, სახელმწიფო პრემიის ლაურიატის, პროფესორ ნოდარ ზალდასტანიშვილის დაბადებიდან 80 წელი შესრულდა.

ნოდარ ზალდასტანიშვილი დაიბადა 1931 წლის 5 ივნისს, ქ.თბილისში ტრადიციულ ქართულ ოჯახში. 1939 წელს სწავლა დიწყო ქ.თბილისის მე-6 ვაჟთა საშუალო სკოლაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1949 წელს. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაქულტეტზე სპეციალობით – “კვების საწარმოთა მანქანები და აპარატები”.

ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში ნ.ზალდასტანიშვილმა მიიქცია პედაგოგების ყურადღება როგორც შრომისმოყვარე, ბეჯითმა, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულმა ახალგაზრდამ. გამოჩენილი ქართველი მეცნიერების: ნ.ლანდიას, ა.კაკალაშვილის, გ.მესხიშვილის და სხვათა ხელმძღვანელობით ეუფლებოდა კვების პროდუქტების ტექნოლოგიურ პროცესებს და მოწყობილობებს, მანქანებისა და აპარატების კონსტრუირების თეორიულ საფუძვლებს და სხვა.

ინსტიტუტის დამთავრების შემდგომი მთელი თავისი საქმიანობა დაუკავშირა საქართველოს კვების მრეწველობის განვითარებას. 1954 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1957 წლიდან - კვების მრეწველობის საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრის თანამდებობაზე, 1958 წლიდან - სასურსათო მანქანათმშენებლობის სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში - წამყვან კონსტრუქტორად.

საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ნ.ზალდასტანიშვილმა მუშაობა დაიწყო 1960 წლიდან, კვების მრეწველობის საწარმოთა მოწყობილობების კათედრაზე, ასისტენტის თანამდებობაზე. მან პირველივე დღეებიდანვე ყურადღება მიაქცია შავი ბაიხის ჩაის წარმოებისათვის გამოყენებულ ტექნოლოგიურ მოწყობილობებს და თავისი კვლევის საგნად აირჩია ჩაის ნახევარფაბრიკატის და მზა პროდუქციის შენახვის, დოზირების, ტრანსპორტირების და კუპაჟის საკითხების შესწავლა. მშრალი ჩაის, როგორც ფხვიერი მასალის ღრმად შესწავლისათვის დაუკავშირდა ცნობილ ამერიკელ მეცნიერებს, ფხვიერი მასალების მექანიკის ფუძემდებლებს, ჯენიკეს და იოგანსონს. მან დაადგინა ფხვიერი მასალების ბუნკერებში თაღის წარმოქმნის მიზეზები ახლებურად წარმოადგინა თაღის წარმოქმნის საწინააღმდეგოდ მიმართული მეთოდები. 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “ბუნკერებიდან მშრალი ჩაის ჩამოდინების პროცესის ძირითადი პარამეტრების კვლევა, ჩაის ფაბრიკების დამხარისხებელი საამქროს მექანიზაციის დამუშავების მიზნით”. 1967 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება და გადაყვანილი იქნა დოცენტის თანამდებობაზე.

ზალდასტანიშვილმა გააგრძელა მეცნიერული მუშაობა, გამოიკვლია ფხვიერი მასალების ბუნკერებიდან ჩამოდინების კინეტიკური და დინამიკური საკითხები. დიდი ღვაწლი შეიტანა ძნელადდინებადი, ცუდად გაფხვიერებული მასალების ბუნკერებიდან ჩამოდინების, დოზირების, შერევის და ტრანსპორტირების საკითხების მეცნიერული საფუძვლების შექმნაში. შექმნა შესანახი და სატრანსპორტო საშუალებები, უწყვეტი ქმედების ნაკადური ხაზები. ჩამოაყალიბა მეცნიერული მიმართულება და საქართველოში გახდა ფხვიერი მასალების მექანიკის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

1982 წელს ნ.ზალდასტანიშვილმა დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1984 წელს არჩეულ იქნა კათედრის პროფესორად. იგი იყო მრავალი სამეცნიერო კვლევითი სამუშაოს ხელმძღვანელი. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საკავშირო და საერთაშორისო სამეცნიერო - ტექნიკურ კონფერენციებში და სიმპოზიუმებში.

ნ.ზალდასტანიშვილი იყო კვების მრეწველობის გამომგონებელთა შემოქმედებითი, კომპლექსური კოლექტივის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, რომელიც მუშაობდა ახალი ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაზე და დანერგვაზე. 1978 წელს მიენიჭა საპატიო წოდება- “საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი”. 1979 წელს დაჯილდოვდა საკავშირო სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროს მედლით. 1981 წელს ნ.ზალდასტანიშვილი გახდა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. წარმატებითი სამეცნიერო-გამომგონებლობითი მუშაობისათვის დაჯილდოებულია სპი-ს საუკეთესო გამომგონებლის საპატიო სიგელით 1977, 1985, 1986 წლებში; საქართველოს პროფსაბჭოს პირველი ხარისხის დიპლომებით 1986, 1987 წლებში. საქართველოს სსრ უმაღლესი სკოლების სამინისტროს პირველი პრემიით, 1986 წელს და რაციონალიზატორებისა და გამომგონებლობის საზოგადოების ცენტრალური საბჭოს დიპლომებით.

1984 წელს მისი ინიციატივით საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა ღვინის მრეწველობის საწარმოთა ტექნოლოგიური მოწყობილობების დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია. რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა 1984-1991 წლებში.

1990 წელს არჩეული იქნა “კვებისა და სამაცივრო საწარმოთა მოწყობილობების და წარმოების ავტომატიზაციის” კათედრის გამგედ, რომელსაც ხელმძღვანელობდა სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე.

ნ. ზალდასტანიშვილის ფართო ერუდიცია და მრავალწახნაგოვანი ინტერესები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ჩაის და ღვინის მრეწველობით. იგი ასეთივე წარმატებით მუშაობდა კვების მრეწველობის სხვა დარგებში. მისი სამეცნიერო სამუშაოს დიდი ნაწილი: ჩაის და ყურძნის გადამუშავების, მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის და ტრანსპორტირების, ფხვიერი მასალების შერევის, უტარო გადაზიდვის და სხვა მრავალი, წარმატებით დაინერგა კვების მრეწველობის საწარმოებში. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ყურძნის გადამუშავების უწყვეტი ქმედების მექნიზებული ხაზის შექმნა, რისთვისაც 1981 წელს ავტორთა ჯგუფს: ნ.ზალდასტანიშვილს, ა.კაკალაშვილს, ა.ქურდაძეს, ბ.სალარიძეს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

აღნიშნული სამუშაო ნაწილია იმ დიდი მეცნიერული მოღვაწეობისა, რომელსაც ზალდასტანიშვილი ეწეოდა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა გასცდა საქართველოს ფარგლებს. ყოფილი საბჭოთა კავშირის და საზღვარგარეთის ქვეყნებში გამოაქვეყნა 170 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 70 გამოგონება.

ნ. ზალდასტანიშვილი მრავალმხრივ სამეცნიერო მუშაობასთან ერთად მთელი თავისი მოღვაწეობის პერიოდში ეწეოდა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მუშაობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგაზრდა კადრების მომზადების საქმეში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით შესრულდა მრავალი საკანდიდატო დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა დარგში.

ზალდასტანიშვილი პედაგოგიურ პერიპეტიებში ღრმად გარკვეული მეცნიერი იყო. თავისი სტუდენტები შეაჩვია ყოველდღიურ მუშაობას, მკაცრად სთხოვდა მათ გაწეული შრომის ანგარიშს. ნ.ზალდასტანიშვილი მომთხოვნი და ზოგჯერ მკაცრიც იყო, მაგრამ ეს სიმკაცრე მხოლოდ ინსტიტუტის კედლებით იფარგლებოდა. მის გარეთ, მასზე გამგები, გასჭირში ამომდგომი, მეგობრული და გულისხმიერი ადამიანი იშვიათად თუ მოიძებნებოდა. ახასიათებდა უაღრესი პატოისნება, კეთილშობილება, თავმდაბლობა და დიდი ჰუმანიზმი ადამიანებთან დამოკიდებულებაში, რითაც მან სტუდენტების და კოლეგების დიდი სიყვარული და ღრმა პატივისცემა დაიმსახურა.

გასაოცარი იყო ზალდასტანიშვილის შრომისმოყვარეობა. შეეძლო თავდადებულად ემუშავა და გადაეწყვიტა ურთულესი ტექნიკური ამოცანები. მას ჰქონდა კონსტრუქტორისათვის დამახასიათებელი ალღო, რომელსაც კარგად იყენებდა ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს. ზალდასტანიშვილი გამოირჩეოდა საკუთარი თავისადმი დიდი მომთხოვნელობით, თვითონ წყვეტდა პრინციპულ საკითხებს, მაგრამ არასოდეს არიდებდა თავს შავ სამუშაოს, თვითონ ბეჭდავდა, თვითონ ამუშავებდა სქემებს, ცხრილების დამუშავებასაც კი უდიდესი გემოვნებით ასრულებდა. მაღალ მეცნიერულ დონეზე კითხულობდა ლექციებს ტექნოლოგიური მოწყობილობების, საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის და სხვა საგნებში. აკადემიურ სტილში ატარებდა ლექციებს. ჰქონდა ძალიან კარგი კალიგრაფია.

ნ. ზალდასტანიშვილი ბევრს მუშაობდა, ათენებდა ღამეებს და წერდა ლექციების კონსპექტებს, სასწავლო -მეთოდურ და სამეცნიერო წიგნებს. რუსულიდან ქართულ ენაზე თარგნა და 1978 წელს გამოაქვეყნა ვ. უჟანსკის წიგნი - “მაცივარი მანქანების და დანადგარების ავტომატიზაცია”.

ზალდასტანიშვილს ბევრი წიგნი დარჩა გამოუქვეყნებელი. მათ შორის, პურისა და მაკარონის ქარხნების ტექნოლოგიური მოწყობილობების სახელმძღვანელო, რომლის პირველი გამოცემა ქართულ ენაზე მისი გარდაცვალების შემდეგ მოხდა.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში თეიმურაზ ლოლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა
  • სტუ-ის პროფესორ იური ქართველიშვილის დაბადებიდან 90 წელი სრულდება
  • ღვაწლმოსლი პროფესორი საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა
  • სტუ-ში შოთა თოფურიას იხსენებენ
  • ივერ ფრანგიშვილის დაბადებიდან 82 წელი შესრულდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge