ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ იური ქართველიშვილის დაბადებიდან 90 წელი სრულდება.
იური ლავრენტის ძე ქართველიშვილი 1922 წლის 20 მარტს ქ. კიევში დაიბადა. ცვალებად ისტორიულ ქარტეხილებში მოხვედრილმა, შემდგომში რეპრესირებულმა რევოლუციონერების ოჯახმა ცხოვრების ძალზე რთული გზა გაიარა. ამის გამო იური ქართველიშვილს სხვადასხვა დროს მოხდა ცხოვრება ამიერკავკასიაში, უკრაინაში, შორეულ აღმოსავლეთში, დასავლეთ ციმბირში, მოსკოვში.
1939 წელს ი. ქართველიშვილი ჩაირიცხა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის ელექტრომექანიკურ ფაკულტეტზე. აქვე მოუსწრო მას ფაშისტურ გერმანიასთან ომის დაწყებამ და მესამე კურსის სტუდენტი, შრომით ფრონტზე სმოლენსკის ოლქში გაგზავნეს. 1943 წლიდან ი. ქართველიშვილმა სწავლა გააგრძელა თბილისში, რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1945 წელს.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ი. ქართველიშვილი დაბრუნდა მოსკოვში და მუშაობა დაიწყო ქარხანა "დინამოში". 1947 წლიდან სამუშაოდ გადავიდა რკინიგზის ტრანსპორტის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც 1952 წელს დაიცვა დისერტაცია და მიიღო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ამის შემდეგ დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა ქ. როსტოვის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში ჯერ მანქანათა ნაწილების, ხოლო შემდეგ ახლად შექმნილ "სამშენებლო სამუშაოებისა და მანქანების" კათედრაზე. აქვე მიენიჭა დოცენტის წოდება.
1957 წლიდან ი. ქართველიშვილი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადმოვიდა საქართველოში, თბილისში. ამ დროს იგი არ ფლობდა მშობლიურ ენას. იური ქართველიშვილი, რომელიც უკვე თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში "ამწე-სატრანსპორტო და სამშენებლო-სალიანდაგო მანქანების" კათედრის დოცენტი იყო, ქართულ ჯგუფებს სპეციალობის საგნებში რუსულად უკითხავდა ლექციებს. ძალიან მალე კი, გამართული ტექნიკური ქართულით კითხულობდა ლექციებს სპეციალობის წამყვან დისციპლინებში. მის მიერ წაკითხული ლექცია ყოველთვის გამოირჩეოდა ორიგინალურობითა და მაღალი ხარისხით.
ი. ქართველიშვილი გამოირჩეოდა ღრმა ერუდიციით, პუნქტუალურობით, მომთხოვნელობით საკუთარი თავისადმი. როდესაც საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტუტუტში (მასთან ზემოთ ხსენებული ინსტიტუტის შეერთების შემდეგ) 1961 წელს ჩამოყალიბდა ახალი, "სამშენებლო-საგზაო მანქანების და მოწყობილობების" კათედრა, იგი ერთხმად აირჩიეს მის ხელმძღვანელად. ამ კათედრას, რომელმაც ბევრ წარმატებას მიაღწია პედაგოგიურ და სამეცნიერო გზაზე, იური ქართველიშვილი სათავეში 28 წელიწადს ედგა. პირველი შედეგიც 1964 წელს გამოჩნდა, როდესაც კათედრის ყველა წევრის მონაწილეობით ქართულ ენაზე გამოიცა სახელმძღვანელო "მიწის სამუშაოების მანქანების დაგეგმარების საფუძვლები".
1966 წელს ი. ქართველიშვილმა წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პროფესორის წოდება. სამშენებლო-საგზაო მანქანების მუშა ორგანოების სიმტკიცეზე გაანგარიშების ენერგეტიკულმა მეთოდმა, რომელიც საფუძვლად დაედო მის სადისერტაციო ნაშრომს, ფართო აღიარება მოიპოვა სამეცნიერო წრეებში. ასევე მნიშვნელოვანია მის მიერ დამუშავებული მიწის სამუშაოების მანქანების მუშა ორგანოებზე მოქმედი ზღვრული საანგარიშო დატვირთვების და დემპფირების მოწყობილობის გაანგარიშებისა და კონსტრუირების მეთოდები.
ი. ქართველიშვილს ეკუთვნის 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. იგი 30 გამოგონების, 1 მონოგრაფიისა და 3 სახელმძღვანელოს ავტორია. აღსანიშნავია მისი მჭიდრო შემოქმედებითი კავშირები დარგის ისეთ კორიფეებთან, როგორებიც იყვნენ აკადემიკოსები ნ. დომბროვსკი და მ. გალპერინი. მათ ერთობლივ ორიგინალურ სახელმძღვანელოში "Строительные машины", რომელიც გამოიცა 1976 წელს ქ. მოსკოვში, შეტანილია მანქანების დინამიკური გაანგარიშების ენერგეტიკული და ზღვრული დატვირთვების მეთოდები. ი. ქართველიშვილის სამეცნიერო სტატიები სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა პოლონეთში, გერმანიაში, რუმინეთში, მოსკოვში. იგი მრავალი სხვადასხვა დონისა და მასშტაბების ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეა.
პროფ. ი. ქართველიშვილი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 3 სპეციალიზებული საბჭოს წევრი და ამასთან ღირსეულად წარმოადგენდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს საკავშირო უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკურ საბჭოში და სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს პრეზიდიუმში.
დიდია პროფ. ი. ქართველიშვილის ღვაწლი ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მეცნიერების აღზრდის საქმეში. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და დაცულ იქნა ერთი სადოქტორო და ხუთი საკანდიდატო დისერტაცია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი მუშაობა (ენობრივი ბარიერის მიუხედავად) პოლონელ ასპირანტ ი. ხანუსიკთან, რომელმაც წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ბატონ იურისთან მუშაობა საკურსო და სადიპლომო პროექტებზე უდიდესი სკოლა იყო როგორც სტუდენტების, ასევე კოლეგებისთვის, რადგან უმაღლეს დონეზე ფლობდა მანქანების კონსტრუირებისა და გაანგარიშებების საფუძვლებს. იგი ნამდვილი გენერატორი იყო სამეცნიერო-საკვლევი თემატიკისა, რის გამოც კათედრას ფართო კავშირები ჰქონდა მრავალ საწარმოსა და ორგანიზაციასთან როგორც რესპუბლიკის, ასევე საკავშირო მასშტაბით. "ВНИИГиМ"-ი, "ВНИИСтройДормаш"-ი, "ВНИИЗемМаш"-ი, ფოთის ჰიდრომექანიზმების და რუსთავის ამწემშენებელი ქარხნები, კოლხიდმშენი – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლებთანაც კათედრას სამეცნიერო და დანერგვის სამუშაოები აკავშირებდა. დიდი მიღწევები ჰქონდა კათედრას სტუდენტებთან სამეცნიერო კუთხით მუშაობაში.
საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
ლიანა სუთიძე