საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატის სხდომაზე განიხილეს საკითხი "სტუ-ში სასწავლო ლიტერატურის გამოცემის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” (მომხსენებელი საგამომცემლო სახლ "ტექნიკური უნივერსიტეტის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ანზორ შავგულიძე).
სტუ-ის რექტორატის სხდომა 2011 წლის 3 ივნისს გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, საგამომცემლო სახლ "ტექნიკური უნივერსიტეტის” თავკაცები, სწავლულ-ექსპერტთა დარგობრივი კომისიების თავმჯდომარეები, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები. სხდომას უძღვებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია.
გთავაზობთ მიღებული დეკლარაციის სრულ ტექსტს:
დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა
სტუ-ში სასწავლო ლიტერატურის გამოცემის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
სტუ-ში სასწავლო ლიტერატურის გამოცემის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გადაუდებელ ამოცანად ჩაითვალოს ქვემომოყვანილი ღონისძიებების პრაქტიკული განხორციელება, სახელდობრ:
I.სავალდებულოდ იქნეს მიჩნეული სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცებული მითითებების შესრულება, კერძოდ: სტუ-ის თანამშრომელთა მიერ მომზადებული სასწავლო ხასიათის ნაშრომები, საწყის ეტაპზე, განხილულ იქნეს სასწავლო დეპარტამენტის (მიმართულების) სხდომაზე, სადაც დაფიქსირდება: თემის აქტუალურობა, სამუშაოს ხასიათი, სამუშაოს შესრულების ფორმა – პირადი ინიციატივა/ფაკულტეტის (უნივერსიტეტის) დაკვეთა. ამავე სხდომაზე გამოიყოფა ორი რეცენზენტი – ერთი უნდა იყოს იყოს სხვა დეპარტამენტის თანამშრომელი, ხოლო მეორე – შესაძლოა მუშაობდეს იმავე დეპარტამენტში, სადაც ხდება საკითხის განხილვა. რეცენზენტი, როგორც წესი, უნდა იყოს აკადემიური თანამდებობის პირი (სრული ან ასოცირებული პროფესორი). გამონაკლისი დასაშვებია სასწავლო დეპარტამენტის (მიმართულების) სხდომის არგუმენტირებული გადაწყვეტილებით. თანამდევი დოკუმენტაცია გაიგზავნება შესაბამისი ფაკულტეტის სწავლულ- ექსპერტთა დარგობრივ კომისიაში, სადაც მოხდება ნაშრომის დეტალური შეფასება, მისი ხასიათის (სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, მონოგრაფია, სამეცნიერო სტატია და ა.შ.) და ფორმის (პირადი ინიციატივა თუ ფაკულტეტის / უნივერსიტეტის დაკვეთა) დადგენა და რეკომენდაციის გაცემა ნაშრომის სტამბური წესით გამოქვეყნების შესახებ. თუ ნაშრომი შესრულებულია დაკვეთის წესით, მაშინ კომისიის აქტში უნდა მიეთითოს რეკომენდაცია ამ ნაშრომის უნივერსიტეტის ხარჯით გამოცემის შესახებ.
ნაშრომი და მის გამოსაცემად საჭირო დოკუმენტაცია, შემდგომ ეტაპზე, გადაეცემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს, სადაც ნაშრომი საბოლოოდ შეფასდება საბჭოს დებულების შესაბამისად.
II. ნაშრომის სტამბური წესით გამოცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენილობა განისაზღვროს ასე:
1. ნაშრომი;
2. დეპარტამენტის დადგენილება ნაშრომის გამოცემის შესახებ;
3. ორი რეცენზია;
4. საჯარო განხილვის ოქმი;
5. სწავლულ-ექსპერტთა დარგობრივი კომისიის აქტი (იხ. დებულების მე-2 დანართი).
შ ე ნ ი შ ვ ნ ა:
ნაშრომის თანამდევი დოკუმენტაცია უნდა იყოს სრული და დებულების შესაბამისად გაფორმებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ მასალას საბჭოს სწავლული მდივანი, სათანადო შენიშვნებით, აბრუნებს შესაბამისი ფაკულტეტის სწავლულ-ექსპერტთა დარგობრივ კომისიაში.
III. გადაწყვეტილების ( გრიფის მინიჭების) მიღების დროს გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
1. გადაწყვეტილება ,,დაამტკიცა სახელმძღვანელოდ (დამხმარე სახელმძღვანელოდ) სტუ-ის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭომ” (იხ. დებულების მე-2 პუნქტის 2.1 ქვეპუნქტის შენიშვნა) მიიღება იმ შემთხვევაში, როდესაც ნაშრომი:
ა. აკმაყოფილებს უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოსადმი (დამხმარე სახელმძღვანელოსადმი) წაყენებულ მოთხოვნებს;
ბ. იგი შედგენილია სასწავლო გეგმისა და კონკრეტული სასწავლო დისციპლინის სილაბუსის საფუძველზე;
გ. მასში მოცემულია შესასწავლი მასალა და იმ მეცნიერების საფუძვლების ცოდნათა სისტემა, რომლის შესასწავლადაც ნაშრომია გამიზნული;
დ. სახელმძღვანელოში მეცნიერების განვითარების უახლესი მიღწევები გაანალიზებულია ლოგიკური სისტემის სახით და იგი ეყრდნობა დიდაქტიკურ პრინციპებს;
ე. სახელმძღვანელოში წარმოდგენილია თეორიულ დებულებათა შესაბამისი ისეთი პრაქტიკული მაგალითები, რომლებითაც სტუდენტი მკაფიოდ დაინახავს თეორიასა და პრაქტიკას შორის კავშირს და რომლებიც უზრუნველყოფს სტუდენტის მეცნიერულ-შემეცნებითი ინტერესების განვითარებას;
ვ. სახელმძღვანელო იძლევა სილაბუსში დასმული საკითხების ღრმად და საფუძვლიანად შესწავლის საშუალებას;
ზ. ცნება, ტერმინი, კანონი, წესი და ფორმულირება განმარტებულია ზუსტად, მეცნიერულად, მისაწვდომად, ლოგიკურ-გრამატიკული სისრულითა და გამართულობით;
თ. სახელმძღვანელოს მთელი შინაარსი ( განაყოფი, კარი, ნაწილი, თავი, პარაგრაფი)წარმოდგენილია ლოგიკური ერთიანობით, თანამიმდევრობითა და მეცნიერული სისტემის სახით;
ი. სახელმძღვანელო ერთიანი სტილით, გრამატიკულად დახვეწილი, მკაფიო, მარტივი და ადვილად გასაგები ენითაა დაწერილი.
შ ე ნ ი შ ვ ნ ა :
სახელმძღვანელო მკაცრად რეგლამენტირებულია. იგი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სასწავლო დისციპლინისათვის შედგენილ სილაბუსს და გამოყოფილი საათების რაოდენობას. დამხმარე სახელმძღვანელო შესაძლოა განეკუთვნებოდეს მოცემული კურსის ცალკეულ ნაწილებს და მიზნად ისახავდეს ამ ნაწილების ღრმად შესწავლას დამხმარე მასალის გამოყენების მეშვეობით, ან ემსახურებოდეს საპროგრამო მასალის შევსებას არასაპროგრამო, მაგრამ კურსის შესწავლისათვის საჭირო დამხმარე თემებით.
2. გადაწყვეტილება ,,რეკომენდებულია სტუ-ის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ ” (იხ.დებულების მე-2 პუნქტის 2.1 ქვეპუნქტის შენიშვნა) ეხება ყველა ტიპის სასწავლო-მეთოდიკური ხასიათის ნაშრომს, რომელიც გათვალისწინებულია სტუ-ის სტუდენტებისათვის. სწავლულ-ექსპერტთა დარგობრივი კომისია, ყოველი ასეთი ნაშრომისათვის შედგენილ აქტში, ვალდებულია დაასაბუთოს ნაშრომის დანიშნულება, საჭიროება, მოცულობა, მეცნიერული და პედაგოგიკური ღირებულება.
3. გადაწყვეტილება ,,იბეჭდება სტუ-ის ბიუჯეტის ხარჯზე” (იხ. დებულების მე-2 პუნქტის 2.1 ქვეპუნქტის შენიშვნა) მიიღება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ნაშრომი, მისი გამოცემის საჭიროების შესაბამისად, ფაკულტეტის საბჭოსა და სწავლულ-ექსპერტთა კომისიის რეკომენდაციით იბეჭდება დაკვეთის წესით. დაკვეთის პროექტს, სათანადო დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, ამზადებს სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს საორგანიზაციო საკითხთა კომისია და მისი წარდგინებით ამტკიცებს სარედაქციო-საგამომცემლო საბჭო.
შ ე ნ ი შ ვ ნ ა :
სასწავლო-მეთოდური ხასიათის ნებისმიერი ნაშრომი, ვიდრე სწავლულ-ექსპერტთა დარგობრივი კომისია მისი გამოქვეყნების საკითხზე იმსჯელებდეს, ექვემდებარება საჯარო განხილვას (დეპარტამენტის თანამშრომელთა საერთო კრება, მიმართულების სხდომა, დეპარტამენტის /მიმართულების სემინარი). სწავლულ - ექსპერტთა დარგობრივ კომისიას, როგორც წესი, ეკრძალება ისეთი ნაშრომის განხილვა, რომლის თანამდევ დოკუმენტაციაშიც დაცული არ იქნება საჯარო განხილვის მასალა. გამონაკლისის დაშვების უფლება ენიჭება შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს;
სწავლულ-ექსპერტთა დარგობრივი კომისიების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა, ვიდრე არ დაამტკიცებს სტუ-ის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭო.
4. მიზანშეწონილად ჩაითვალოს საგამომცემლო სახლ ,,ტექნიკური უნივერსიტეტის” მიერ გამოცემული ყოველი სახელმძღვანელოს საჯარო განხილვის ორგანიზებულად მოწყობა და დამტკიცდეს მათი საჯარო განხილვის ქვემოთ მოყვანილი გეგმა:
ა. განხილვა მოეწყოს გამოცემიდან ერთი წლის თავზე;
ბ. წიგნის გამოცემის ერთი წლის თავზე მისი საჯარო განხილვის მოწყობის აუცილებლობის შესახებ მითითებული უნდა იყოს იმ გადაწყვეტილებაში, რომელსაც მიიღებს სტუ-ის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭო მოცემული წიგნის სტამბური წესით გამოცემის შესახებ;
გ. წიგნის საჯარო განხილვის მოწყობის ორგანიზატორია მოცემული ფაკულტეტის სწავლულ-ექსპერტთა დარგობრივი კომისია და ფაკულტეტის დეკანი;
დ. საჯარო განხილვის აქტიური მონაწილეები არიან ავტორი, შესაბამისი სასწავლო დეპარტამენტის თანამშრომლები და გამოცემული პროდუქციით დაინტერესებულ პირთა ფართო წრეები;
ე. საჯარო განხილვის ძირითადი მომხსენებელები არიან ავტორი(ავტორები) და სწავლულ-ექსპერტთა კომისიის მიერ დამტკიცებული რეცენზენტი (რეცენზენტები);
ვ. საჯარო განხილვის სტენოგრაფიული სიზუსტით დაწერილი ოქმი შენახულ უნდა იქნეს მოცემული ფაკულტეტის სწავლულ-ექსპერტთა დარგობრივ კომისიაში, ხოლო ასლი, შემდგომი რეაგირებისათვის, გაიგზავნება სტუ-ის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს ორგანიზაციულ საკითხთა კომისიაში;
ზ. ყოველგვარი გაუგებრობის, დამთხვევების და ა.შ. თავიდან აცილების მიზნით საჯარო განხილვების წინასწარი გრაფიკის შედგენა, და ამ გრაფიკის მიხედვით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება, დაევალოს სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს ორგანიზაციულ საკითხთა კომისიას (ა.შავგულიძე);
5. გამოეცხადოს სრული მხარდაჭერა საგამომცემლო სახლ ,,ტექნიკურ უნივერსიტეტთან” ჩამოყალიბებულ სასწავლო წიგნების სადისკუსიო კლუბს, რომელიც შეიქმნება პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ერთობლივი მონაწილეობით. კლუბის დამფუძნებლები : რექტორატი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, საგამომცემლო სახლ ,,ტექნიკური უნივერსიტეტის” სამეურვეო საბჭო, ნორმატიულ-ტექნიკური ტერმინოლოგიისა და წიგნის მხატვრული კონსტრუირების (დიზაინის) ჯგუფები, გამომცემლობის ხელმძღვანელობა (დირექტორი, დირექტორის მოადგილე, მთ.სპეციალისტი), სტუდენტთა თვითმმართველობა, სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ინტერნეტგაზეთი. კლუბს ხელმძღვანელობს: სპიკერი (რექტორი), ვიცე-სპიკერი (რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში), ორგანიზატორი (სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს ორგანიზაციულ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი). კლუბის წევრები არიან ყველა ფაკულტეტის დეკანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სასწავლო დეპარტამენტების ხელმძღვანელები, სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყველა მსურველი.