|
13-06-2011, 01:00
17 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან. მემორანდუმს ხელს სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და აკადემიის დირექტორი სერგო ნოზაძე მოაწერენ. ღონისძიება სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, შეხვედრების ოთახში გაიმართება.
შეთანხმების თანახმად, მხარეები მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ორგანიზებაში. ასევე, სხვა სახის სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების რეალიზებაში. სტუ დაეხმარება აკადემიის თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, სასწავლო და საცნობარო ლიტერატურის მომზადებაში. თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიაწვდის ინფორმაციას საფინანსო სფეროში მიმდინარე უახლეს ცვლილებებზე; სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესურას ჩართავს თავის პროექტებში; სტუდენტებს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების, ტრენინგებისა და სასერთიფიკატო პროგრამებში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ.
სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 აპრილის ბრძანებულების საფუძველზე დაარსდა. აკადემია წარმოადგენს ერთადერთ სამთავრობო საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც საგადასახადო, საბიუჯეტო და ფინანსური უწყებათა კადრების გადამზადება-ტრეინინგი ევალება. მას უმთავრესი როლი ეკისრება ქვეყნის წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრა-გადაწყვეტაში, როგორიცაა კვალიფიციური კადრების მომზადება, მათი ცოდნის დახვეწა-გაუმჯობესება, სახელმწიფო სექტორის ძირეული რეფორმის ხელშეწყობა და ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. გარდა ამისა აკადემია ავითარებს ქვეყნის მიერ აღებულ ბიზნესის ხელშეწყობის კურსს და მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს როგორც ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, ასევე ნებისმიერ კერძო პირს, რომელსაც სურს თავისი კარიერის დაგეგმვა და შემდგომი განვითარება. ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ერთ-ერთი მისიაა საუნივერსიტეტო პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კონფერენციების, სემინარებისა და ვორქშოფების ჩატარების, ერთობლივი საკანონმდებლო კლინიკების მოწყობის გზით; სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მათზე მორგებული სასწავლო-პრაქტიკული პროგრამების შემუშავება. |
|