|
14-06-2011, 00:22
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საატესტატო გამოცდებზე საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს - საუკეთესო ასეულს შეხვდა. პრეზიდენტმა მათ გამოცდების დასრულება მიულოცა, წარმატებები უსურვა და პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა. სააკაშვილმა საატესტატო გამოცდები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კმაყოფილია იმ შედეგებით, რომელიც მოსწავლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა.
სააკაშვილის განცხდებით, თითოეულმა მოქალაქემ თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა განვითარდეს.
"შეიძლება არ მოგწონდეს რომელიმე პარტია, პრეზიდენტი, მაგრამ შენს პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცე. თუ არ მოგწონს, შენ გააკეთე, შენ შექმენი, ეს ხომ შენი ქვეყანაა. არ უნდა დაუშვა, რომ შენ მაგივრად გადაწყვიტოს ვინმემ შენი ბედი, ეს არის სწორედ დემოკრატია", - განაცხადა სააკაშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი, რაც საქართველოში კეთდება, კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობა სიღარიბიდან გამოვიდეს.
"საზოგადოებას ეძლევა შანსი, თვალებში გამოიხედოს და სწრაფი ტემპით დაძლიოს სიღარიბე", - განაცხადა სააკაშვილმა.
წელს საატესტატო გამოცდებზე 1520 საჯარო და კერძო სკოლიდან 50 000-მდე მოსწავლე გავიდა, რომელთაგან უმრავლესობა ოქროსა და ვერცხლის მედალზეა წარდგენილი.
საქართველოში CAT-ის ტიპის საატესტატო გამოცდები, ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი ალგორითმით, წელს პირველად გაიმართა და მას ანალოგი არ აქვს მთელ მსოფლიოში. წამყვანი ქვეყნების ექსპერტები დაინტერესდნენ და უკვე დაიწყეს კიდეც მუშაობა СAT-ის გამოცდების ქართული ანალოგის სხვადასხვა ქვეყანაში დასანერგად.
პრეზიდენტის სიტყვა:
მოგესალმებით ყველას.
ამდენი ლამაზი და ჭკვიანი ბავშვი ერთდროულად აქ ერთად არ შეკრებილა.
ის, რომ თქვენ ძალზე ჭკვიანები ხართ, მხოლოდ ჩემი სიტყვები არ არის, ეს გამოავლინა კომპიუტერმა, რადგან თქვენ ყველაზე მაღალი ქულები მიიღეთ საატესტატო გამოცდებში. შედეგების მიხედვით, თქვენი პირველ ასეულში მოხვდით.
ეს ის გამოცდებია, რომელთა წინააღმდეგ თბილისის ცენტრში მიტინგები იმართებოდა.
იმ დროს ზოგიერთი მიტინგს მართავდა, ხოლო ზოგი წიგნებთან იჯდა და სწავლობდა.
ეს რვა საგანი ძალზე მნიშვნელოვანია და შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის თქვენ მიერ გადაგდგმული პირველი დიდი პატრიოტული ნაბიჯი, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ.
ყველა ეპოქა, ყველა დრო, ყველა კონკრეტულ თაობას კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს და დღეს არაფერი არ არის უფრო პატრიოტული თქვენი და თქვენი თაობის მხრივ.
თქვენ ხართ თაობა, რომელიც დაიბადა და გაიზარდა დამოუკიდებელ საქართველოში და უფრო მეტად პატრიოტულს ვერაფერს გააკეთებთ, ვიდრე ისწავლოთ, აჯობოთ სხვას განათლებით, კომპიუტერისა და უცხოენების ცოდნით, ფიზიკის, ქიმიის, სხვა საგნების ცოდნით და ყველას დაუმტკიცოთ, რომ საქართველო არის ნიჭიერი ხალხით დასახლებული ქვეყანა.
რაოდენობრივი თვალსაზრისით ბევრს ვერ გავუწევთ კონკურენციას, მაგრამ დიდი ერები იზომება არა ხალხის რაოდენობით, არამედ იმ წვლილის მიხედვით, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის განვითარების საქმეში.
ამ მხრივ, დღეს თქვენი წვლილი არის განათლებულობასა და საკუთარ განვითარებაში.
მართლაც, ძალიან კარგი გამოცდები ჩავატარეთ. წეღან პრესას ვათვალიერებდი და ისე დაემთხვა, რომ „შპარგალკის" მოყვარულმა ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელსაც, რომელმაც გამოცდების ჩვენი სისტემა „გადაიწერა", ამ დღეებში ჰქონდა გამოცდები. თუმცა ორი დღით ადრე უკვე ყველაფერი გაყიდული იყო, უფრო სწორად, საგამოცდო ვარიანტები და პასუხები წინასწარ იყო ინტერნეტში განთავსებული.
სწორედ ეს არის განსხვავება კორუმპირებულ სახელმწიფოსა და არაკორუმპირებულ სახელმწიფოს შორის.
დღეს ორი რამ ვნახე: ერთი, როგორ გაყიდეს რუსეთში ის გამოცდები, რომელშიც თქვენ გაიმარჯვეთ და მეორე, როგორ სთავაზობდა ქრთამს ვიღაც ადგილობრივი ბედოვლათი ჩვენი განათლების სამინისტროს იმისათვის, რომ სახელმძღვანელოებისთვის დაედოთ გრიფი.
რით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ქრთამები ამ სახელმწიფო აპარატთან არ ჭრის, არ ვიცი - ეს მათთვის მგლის თავზე სახარები კითხვაა. მოდის დიმიტრი შაშკინის სამინისტროსთან და ქრთამის სახით ორმოცდაათიათასს სთავაზობს იმისთვის, რომ თქვენ დარჩეთ უცოდინრები, ხოლო მან ცოტა მეტი ფული გააკეთოს.
თითქოს, ამ ქვეყანაში არ იყო, სწორედ ხალხის უცოდინრობაზე კეთდებოდა ათწლეულების განმავლობაში ფული;
რა თქმა უნდა, ეს უმეტესობას არ ეხება, მაგრამ თითქოს, ჯერ კიდევ სამოცდაათიან წლებში, ქრთამით მიღებულმა ხალხმა არ გაანადგურა საქართველოში რამდენიმე დარგი.
თითქოს, საუკეთესო ქართველები არ გარბოდნენ აქედან იმის გამო (სხვათა შორის, ჩემი ჩათვლით), რომ საქართველოს ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდებოდით ქრთამის, პროტექციისა და ჩაწყობის გარეშე, როგორც არ უნდა გესწავლა.
90-იან წლებში ვიყავი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე და მოვინდომეთ მოსამართლეებისთვის გამოცდების ჩატარება. თბილისში წარმოუდგენელი მაფია იყო - სასამართლო მაფია და როდესაც პირველად პარლამენტის დარბაზში რამდენიმე გამოცდა ჩავატარეთ, რომლებსაც პირდაპირ ეთერში გადავცემდით, სხვებთან ერთად მეც თავს ვადექი მათ, ვინც ამ გამოცდას აბარებდა. პირველ რამდენიმე გამოცდაზე არც ერთი კორუმპირებული მოსამართლე არ მოვიდა, რადგან იცოდნენ, რომ არაფერი არ იცოდნენ. ბილეთებს წინასწარ, ჩუმად ვბეჭდავდით, შემდეგ მოგვქონდა, და ყველაფერს კომპიუტერი ამოწმებდა. მეოთხე თუ მეხუთე გამოცდაზე ყველა კორუმპირებული მოსამართლე უცბად გამოჩდა დარბაზში. ამან ყველა დაგვაეჭვა, მაგრამ უმაღლესი ქულები ყველაზე საზიზღარმა მოსამართლეებმა მიიღეს, მათ, ვინც სისხლი გაუშრეს აბსოლუტურად მთელ ქვეყანას. მივხვდი, რომ ჩაფლავდა ჩვენი სისტემა. მეორე გამოცდის წინ, ღამის 2 საათზე იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით მოვიტანეთ ყველა ბილეთი, მოვიყვანე 2-3 პროფესორი უნივერსიტეტიდან, რომლებსაც ვენდობოდი, დავსხედით და მე დავწერე საერთაშორისო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხები, მათ დაწერეს სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საკითხები... მთელი ღამე ვწერდით ამ ბილეთებს, ძლივს მოვასწარით დაბეჭვდა და დილის 08:10 საათზე, ღამენათევები მივედით პარლამენტის დარბაზში. ყველა კორუმპირებული მოსამართლე მოსული იყო. მე შევედი უძილობისგან თვალებდასიებული, მაგრამ გაღიმებული და ვუთხარი: მინდა გაგახაროთ, ყველაფერი გამოვცვალეთ, კიდევ უფრო კარგი ბილეთები შევადგინეთ და ნამდვილად ობიექტურად ჩააბარებთ გამოცდას-თქო. უნდა გენახათ, რა მოხდა - წინა რამდენიმე რიგში ეს კორუმპირებული მოსამართლეები ისხდნენ, ყველა ადგა და გავიდა დარბაზიდან. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, თუ რა ფენომენთან გვაქვს საქმე - ძველი ფორმაციის ბიუროკრატიული, კორუმპირებული აზროვნების ზოგიერთი მატარებელი ებრძვის ახალი საქართველოს შექმნას.
ეს, რა თქმა უნდა, არ არის თაობრივი მოვლენა, რადგან ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან 60, 70, 80 წლის ადამიანები. ეს არის მენტალიტეტი - ადამიანი შეიძლება მომართული იყოს წესიერად ცხოვრებაზე ან იმდროინდელი მოსამართლეების ჭკუაზე.
ჩვენ მთლიანად ვცვლით მენტალიტეტს. საქართველო იმდენად ძველი ქვეყანაა, რომ აქ ახალი არაფერია - არც ეს კედლები, არც ძველი თბილისი, არც ჩვენი ძველი ეკლესიები, მართალია, პარკი და ხიდი ახალია, მაგრამ, პრინციპში, ყველაფერი ძველია.
გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ ყველა მონაცემი გვქონდა ვყოფილიყავით ისეთივე ძლიერი სახელმწიფო, როგორიც არის საფრაგეთი, ინგლისი, იტალია - როგორიც გახდა მეცხრამეტე საუკუნეში.
სულ ვფიქრობდი, რატომ არ ქონდა ყოველივე ეს საქართველოს, ამხელა კულტურის მქონე ქვეყანას, მაგრამ გადახედეთ ჩვენს ისტორიას.
ხშირად ვამაყობთ ჩვენი დიდი ბრძოლებით: შამქორით, ბასიანით, დიდგორით. გვავიწყდება-ხოლმე, რომ მთავარი და ძირითადი ბრძოლები იყო არა ისინი, რომლებიც საქართველომ გადაიტანა დიდ უცხოელ დამპყრობლებთან, არამედ ის ბრძოლები, რომლებიც საქართველოში მუდმივად ხდებოდა ქართველებს შორის. სამეგრელო ქართლ-კახეთს შეეკვრებოდა და იმერეთს დაამარცხებდა და გაძარცვავდა; შემდეგ იმერეთი შეეკვრებოდა გურიას და ერთად შეებრძოლებოდნენ სამეგრელოს; შემდეგ აფხაზეთს შეეკვრებოდნენ სხვები და შემოუტევდნენ ქართლ-კახეთს; ერთი მთავარი მეორეს გაიტყუებდა ტყეში და თვალებს დასთხრიდა; მეორე წაიყვანდა მას და ყურს მოჭრიდა...
მთელი ცხოვრება იყო ერთმანეთის ჭამა და ერთმანეთთან ბრძოლა, ერთმანეთის გაუტანლობა, ქიშპი და უცხოეთში სირბილი.
ახალი არაფერი არ არის. რა არის ამაში ახალი, რომ ვიღაცის დავალებით მოხვიდე თბილისში, ხელისუფლების დამხობა სცდო, ამაში ფულიც აიღო, შემდეგ ცხინვალის გავლით გაიქცე მტერთან და თავი მას შეაფარო? ასე იყო მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. რომელიმე მეფისწული, რომელსაც ტახტი არ შეხვდა ან რომელიღაც მთავარი, რომელსაც მეორე სამთავროზე ეჭირა თვალი და დახმარება სჭირდებოდა ჯერ ჩავიდოდა მურვან ყრუსთან, შაჰ-აბასთან, რომელიმე სულთანთან და შემოიყვანდნენ მტრის ლაშქარს. თუ ბრძოლას წააგებდნენ, გაიქცეოდნენ და სადმე თავს შეაფარებდნენ იმ იმედით, რომ კიდევ შეკრებდნენ უცხოურ ძალას და კიდევ ერთხელ გაასწორებდნენ მიწასთან საკუთრ ქვეყანას.
ამგვარად, ამაში ახალი არაფერია იმის გარდა, რომ შეიქმნა ახალი თაობა, რომლიც ამ თამაშის წესებს არ იღებს.
პოლიტიკურ ჯგუფთა საკმაოდ დიდი რაოდენობაა, რომლებიც სხვაგვარად უდგება საკითხს და სერიოზულად იღებს თავის ქვეყანას.
ამ პირობებში უკვე გაიზარდა ახალი თაობა, რადგან ბოლოჯერ, ჩემო ძირფასებო, დამოუკიდებლობის 20 წელიწადი ზედიზედ, მე-15 საუკუნეში გვქონდა.
ჩვენ სულ ვიღაცის სათამაშო და საჯიჯგნი ვიყავით. ამიტომ იყო, რომ ფიქრობდნენ: ქართველები ვერაფერს მიაღწევენო.
ირანის კარზე ერთი ევროპელი ისტორიკოსი წერდა: ყველაფერი ამათ ხელშია ჯარიც, ქალაქებიც, შაჰის კარიც... მათ რომ მოინდომონ, ირანს ორ წუთში აიღებენ ხელში; მაგრამ ეს ისეთი ხალხია, ერთმანეთთან ვერასდროს ვერ მოილაპარაკებსო.
დააკვირდით, ბოლო თვეებში მოღალატეების ჯგუფებიც კი რამდენიმე შეიქმნა საქართველოში. ყველას ერთი პროგრამა აქვს: შევეკრათ რუსებს, დამპყრობლებს, დავამხოთ ჩვენი ქვეყანა და მოვამთავროთ ჩვენი დამოუკიდებლობა. მაგრამ აქ 5-6 ჯგუფი ერთმანეთს დღე და ღამე ჭამს. ისიც კი ვერ მოილაპარაკეს, რომ ერთიანად უღალატონ და ცალ-ცალკე არიან ღალატობენ ქვეყანას. მოდი ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი ყოველგვარი ევროპული დიპლომატიური ენის გარეშე.
ადამიანს სჭირდება პასუხისმგებლობა. ჩვენ გვასწავლეს, რომ სიცრუე არის კომუნიკაციის ინსტრუმენტი და ჩვეულებრივი რამ.
ამას წინათ, მთავრობის წევრებთან ვლაპარაკობდი - ხალხის 5 პროცენტს მაინც რომ სჯეროდეს იმის, რაც წერია უმეტეს გაზეთებში და გადის ზოგიერთ ტელეარხზე, ეს რომ მართალი იყოს, ეს მთავრობა უკვე დიდი ხნის გაგდებული უნდა ყავდეთ და თავიც უნდა ჰქონდეთ ჩამოხრჩობილი. თუმცა ყველამ იცის რომ ეს სიცრუეა და ეს ჩვეულებრივი რამ არის. ყველამ იცის რომ ეს რიტუალია, უბრალოდ ტყუილია.
თამაშის ეს წესები იცვლება.
ჩვენ ჩვენ ბედზე ვართ პასუხისმგებლები - წესები იცვლება. გაჩნდა ახალი თაობა, რომელიც ფიქრობს, რომ ყველაფერი წყდება არა მოსკოვში, არა ვაშინგტონში, არა ავსტრალიაში, არამედ აქ, საქართველოს მიწაზე - მრავალეთნიკური ქართველი ერის, საქართველოს ხალხის მიერ.
ყველას აქვს პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყანაზე, რადგან, რა თქმა უნდა, ხშრად გაიგებთ და მეც ვიცი, რომ ჩვენ ხალხს, უდავოდ, ძალიან უჭირს. ამიტომ არის მთავარი განათლება. ამ გაჭირვებიდან უნდა ამოვიყვანოთ ქვეყანა. არაფერი ისე არ გამოგვიყვანს გაჭირვებიდან, როგორც განათლება, რადგან დამატებით ღირებულებას ქმნის განათლებული ადამიანი. დამატებით ღირებულება კი, აუმჯობესებს ჩვენს ცხოვრებას.
მომავალი წლიდან ჩვენ უნდა გვქონდეს ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ, 10 პროცენტით და მეტით უნდა გაიზარდოს საქართველოს მოსახლეობის შემოსავალი, რათა რამდენიმე წელიწადში ჩვენი ერთობლივი პროდუქტი გავაორმაგოთ. აღარავინ არ უნდა იყოს ისეთ სიღარიბეში, რომ ვერ უმკურნალოს საკუთარ დედას ფულის უქონლობის გამო; ან ამავე მიზეზით შვილისთვის უკეთესი განათლების მისაცემად წიგნებს ვერ ყიდულობდეს და ა.შ.
ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს, მაგრამ ამისთვის განათლებაა საჭირო.
ჩვენ პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობთ. ხშირად მსმენია, რომ ყველანი ერთმანეთზე უარესები არიან, მთავრობაც და ოპოზიციაც; არავის გაგონება არ მინდა...
გია ნოდიამ სწორად დაწერა, რომ ეს არის ინფანტილურობა. შეიძლება არ მოგწონდეს ერთი პარტია, მეორე პარტია, პრეზიდენტი - ეს ყველაფერი ნორმალურია, მაგრამ ქვეყნის მიმართ საკუთარ პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცე. თუ ის არ მოგწონს, რაც ხდება, მაშინ თავად შექმენი, შენ გააკეთე. ეს ხომ შენი ქვეყანაა და არ უნდა დაუშვა, რომ ვიღაცამ გადაწყვიტოს შენი ბედი, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც არავინ მოგწონს - ეს არის დემოკრატია.
ხშირად გაიგებთ, რომ კონკრეტულ ჯგუფი 26 მაისს მომხდარ მოვლენებს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს ადარებს - როდესაც საბჭოთა ტანკებმა გადაუარეს თბილისის ცენტრს იმის გამო, რომ ჩვენ ქვეყანას მოეპოვებინა დამოუკიდებლობა, მაშინ, როდესაც ამას ხალხი ითხოვდა.
დღეს, გარკვეულ ჯგუფს რუსულ ფულს აძლევენ (ამაში უკვე ეჭვი არავის არ შეაქვს და მთელი უცხოეთის პრესაც ამაზე წერს, სხვათა შორის რუსული პრესაც), რათა მან ხელი შეუშალოს, თუნდაც ჯერ კიდევ ნაწილობრივ დაპყრობილ, მაგრამ მაინც დამოუკიდებელ საქართველოს, რომ მთელ მსოფლიოს უთხრას, რომ ის დამოუკიდებელი ქვეყანაა და აღნიშნავს ამ დღეს. ნახეთ რა ცინიზმია!
რომელიღაც ჯგუფი ამბობს: "ჩვენ გამოვალთ ჯოხებით, ქვებით, რითიც გვინდა, ჯარს არ ჩავატარებინებთ აღლუმს და თითსაც ვერ დაგვაკარებთ. ჩვენ ასეთები ვართ, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ არც პასუხისმგებლობა გვაქვს, ფულიც ავიღეთ, მაგრამ თქვენ ხელი არ დაგვაკაროთ!"
ვიღაც იტყვის: ეს ცუდი ხალხია, მაგრამ რა დროს აღლუმიაო.
რას ნიშნავს: რა დროს აღლუმია? ეს საქართველოს სახელმწიფოა, შენი სიმბოლო და სიამაყეა, შენი აწმყო და მომავალია, შენი ქვეყანაა. ეს სააკაშვილის აღლუმი კი არ არის - შენ მთელ მსოფლიოს ეუბნები - ვარ მე სახელმწიფო.
თუკი რომელიღაც მეხუთეხარისხოვანი წარმონაქმნი, ტერიტორიულ-ეთნიკური ერთეული ვარ, როგორც რუსები ამბობდნენ, მაშინ სხვა ამბავია. მათი დრო, ვისაც უნდა, რომ, მაგალითდ, ნაურუ იყოს, მიდის, რადგან ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა და ღირსების მქონე სახელმწიფო.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ არც ეს სასახლე მეკუთვნის მე, არც ეს აღლუმი არ იმართება ამ მთავრობის გამო, არც ყველაფერი ის, რაც შენდება, არ შენდება იმიტომ, რომ ჩვენს თვალს სიამოვნებს, მათ შორის, არც რიყის პარკი, რომელშიც ათასობით ადამიანი დადის.
საზოგადოებას ეძლევა შანსი, რომ ოდნავ მაინც გამოიხედოს თვალებში და სწრაფი ტემპებით გადავლახოთ ის სიღარიბე, რომელშიც ვიმყოფებით.
ამიტომ, ჩათვალეთ, რომ თქვენ პირველი, დიდი და საპასუხისმგებლო გამოცდა ჩააბარეთ თქვენი ქვეყნის წინაშე. თქვენ უკვე დიდი დამსახურება გაქვთ, რადგან თქვენი სწავლით აჩვენეთ, რომ სისტემა მუშაობს და თქვენ და თქვენს ქვეყანას აქვს მომავალი.
ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი რამ, რადგან ჩვენ და ჩვენს ქვეყანას თქვენთან ერთად ნამდვილად აქვს მომავალი.
რადგან აქ მოხვედით, არ მინდა, ხელცარიელი გაგიშვათ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ შემდგომ წლებშიც ვინც საუკეთესოთა პირველი ასეულში მოხვდება, ვინც კარგად ჩააბარებს გამოცდებს, ქვეყნისგან მიიღებს დამატებით საჩუქარს, კომპიუტერს. შესაძლოა, ზოგიერთ თქვენგანს უკვე აქვს კომპიუტერი, მაგრამ მეორეც არ გაწყენთ.
ახლა უკვე უნივერსიტეტებში ჩვენ ავიღეთ კურსი, რომ რაც შეიძლება მეტმა აბიტურიენტმა ჩააბაროს საინჟინრო სპეციალობებზე. რა თქმა უნდა, არ გავალდებულებთ, რომ ყველამ იქ ჩააბაროთ, მაგრამ, მაშინ, ძალიან მაღალი ქულები უნდა აიღოთ, რომ ჰუმანიტარულ სპეციალობებზე დაგაფინანსოთ. თუმცა მიხარია, რომ ახლა უკვე უფრო მეტმა აბიტურიენტმა შეიტანა საინჟინრო ფაკულტეტებზე საბუთები. ზუსტად იგივე პროცესები ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ჩვენზე უფრო გვიან დაიწყო.
სხვათა შორის, ჩვენი საგამოცდო სისტემა ახლა შესწავლის პროცესშია და ის რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ უნდა გადაიღოს.
მინდა ეს კომპიუტერები გადმოგცეთ ყველას დიდი მადლობის ნიშნად ჩვენი მხრიდან.
მოკლედ, როგორც გაარკვიეთ, კარგად სწავლა ძალიან სარფიანი რამ არის.
პოლიტეკონომიაში კარგად სწავლის პირველი გაკვეთილი არის მიღებული მატერიალური სარგებელი - კომპიუტერი სახით. ვინც კარგად ისწავლის, ის ნამდვილად უკეთესად იცხოვრებს.
ეს არის პირველი ნიშანი და ჩემი პირველი დიდი მადლიერება თქვენდამი - გმადლობთ. |
|