სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სტუდენტს განათლება დაუფინანსდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სტუდენტს განათლება დაუფინანსდება სიახლე
2-09-2012, 01:38
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი მათ ახალი ქალაქის ლაზიკის მშენებლობის თაობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ პროცესში საზოგადოების აქტიურად ჩართვა. პრეზიდენტის თქმით, ახალი ქალაქი უნდა ააშენონ ქართველმა სპეციალისტებმა და ამისთვის ქვეყანას ყველა სფეროში სჭირდება ბევრი ახალი სპეციალისტი. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, საქართველო აუცილებლად უნდა განვითარდეს, რათა ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას და სარგებელიც უფრო მეტმა ოჯახმა ნახოს, ყველა რეგიონში გაჩნდეს ახალი სიმძლავრეები და ჩამოყალიბდეს ვაჭრობის, ინდუსტრიის, ლოჯისტიკისა და ტურიზმის ცენტრები.

„დაახლოებით, ერთი კვირის წინათ ჩვენ ლაზიკის პორტის მშენებლობა დავიწყეთ და ეს აქედანაც ჩანს. ლაზიკის მერიას და პორტის ადმინისტრაციას სექტემბერში გავხსნით და ეს იქნება ცენტრი, რომლის გარშემოც განვითარდება ყველაფერი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოება ძალიან აქტიურად ჩაერთოს თვითონ ლაზიკის მშენებლობაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავმართავთ აქ სემინარებს, საჯარო დებატებს, სატელევიზიო განხილვებს. ჯერ ახალი პორტი შენდება, პორტის გარშემო კი ახალი ქალაქი შეიქმნება და მინდა, რომ ამ საქმეში საზოგადოებამ იაქტიუროს, რათა ყველას აზრი გავითვალისწინოთ. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც აშენებს ახალ ქალაქს. ამის გაკეთებას ვერ შევძლებთ ისეთი მეთოდებით, როგორც ეს სხვადასხვა ადგილზე ხდება, ვთქვათ, ცენტრალიზებული, ერთ კაცზე დამყარებული რეჟიმებისა თუ მთავრობების პირობებში. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც კოლექტიური, ხალხის მმართველობაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ასევე საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ ცვლილებებზე გაამახვილა, რომელთაგან ერთ-ერთი განსაკუთრებით გამოყო. კერძოდ იგი სწავლის დაფინანსების საკითხს შეეხო. ქვეყნის პირველი პირის თქმით, აბიტურიენტს, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახა, თუმცა სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ აქვს, შეუძლია მიმართოს თავდაცვის სამინისტროს, გაიაროს 12-თვიანი სამხედრო სამსახური და 4 წლის სწავლის საფასურს სახელმწიფო დაუფინანსებს. ხოლო მათ, ვინც მინიმალური ზღვარის გადალახვაც ვერ შეძლო, პრეზიდენტმა აცნობა, რომ შედეგის გაუმჯობესება მთელი წლის განმავლობაში შეეძლებათ.

„განათლების სისტემაში საინტერესო ცვლილებები გვაქვს. ჯერ ერთი, იმ აბიტურიენტებს მსურს მივმართო, ვინც წელს ვერ ჩააბარა, აბიტურიენტებს მინდა ვუთხრა, რომ ამიერიდან გამოცდები იქნება ყოველთვიურად. თვეში ერთხელ შეგეძლებათ საგამოცდო ცენტრში მისვლა და ამ საგნების ჩაბარება. ეს თქვენთვის იქნება სტიმული, რათა დაიხვეწოთ. ზუსტად იგივე მიდგომა გვაქვს პედაგოგებთან მიმართებაში. მათაც შეეძლებათ ასე ჩაბარება... ამიტომ, თუკი ზაფხულში რაიმემ შეგიშალათ ხელი და ვერ ჩააბარეთ, ამის გაკეთება შეგეძლებათ სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში... მეორე საკითხი. ვთქვათ, გადალახეთ ბარიერი, მაგრამ ვერ მოიპოვეთ სახელმწიფო გრანტი ან მოიპოვე უფრო ნაკლები, ვიდრე გადახდის შესაძლებლობა გაქვთ, გეძლევათ შანსი, რომ სახელმწიფო სასწავლებლებში ყოველი სასწავლო წლის დამლევს გადააბაროთ საგნები და გაიუმჯობესოთ შედეგი. მაგალითად, თუ პირველ წელს მოგიწევთ ამ საფასურის გადახდა, მაგრამ გექნებათ საუკეთესო აკადემიური შედეგები, მეორე წელს შესაძლებელი გახდება 100-პროცენტიანი გრანტის მოპოვებაც. თავდაცვის სამინისტრო სთვაზობს ყველას 12 თვე ჯარში სამსახურს, რის შემდეგაც ოთხი წლის განმავლობაში სწავლის საფასურს გადაიხდის. მიუხედავად იმისა თუ რა შემოსავალი აქვთ თქვენს ოჯახებს, ამით მოგეცემათ შესაძლებლობა მაინც ისწავლოთ უმაღლეს სასწავლებელში. თუკი ორწლიან სამხედრო სამსახურს გაივლით, მაშინ სახელმწიფოსთან გექნებათ კონტრაქტი მაგისტრატურის დაფინანსების შესახებ. სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ახალგაზრდები საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში, ჩვენ ყველას უნდა მივცეთ შანსი, ყველას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, წარმატებას მიაღწიოს და გაეხსნას ახალი პერსპექტივა“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.
http://president.gov.ge/ge/PressOffice/News?7814
 
 

ასევე:

  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს
  • 2011 წლიდან აბიტურიენტებს 10 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ
  • პრეზიდენტმა ტექნიკური საგნების სწავლის აუცილებლობაზე ისაუბრა
  • პრეზიდენტმა სტუდენტებს ფასდაკლების ბარათები გადასცა
  • პრეზიდენტმა პარლამენტში განათლების საკითხზე გაამახვილა ყურადღება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge