|
19-04-2011, 00:28
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბორჯომში, ტაძრისის ახლად გარემონტებულ სკოლაში პედაგოგებთან შეხვედრისას ტექნიკური სფეროების წინ წამოწევასა და ამ დარგებში განათლების ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, დღეს სახელმწიფო უპირატესად მიიჩნევს ტექნიკური საგნების შესწავლას.
“ბევრი რამ იწვევს ინტერესს, მაგალითად ის, თუ რატომ მივიჩნევთ უპირატესად ტექნიკური საგნების შესწავლას. შეიძლება ხალხმა თქვას, რომ ისტორიაც გვჭირდება, მშობლიური ენა და ლიტერატურაც, ყველაფერი დანარჩენი... მაგრამ, პირველ ყოვლისა, განათლების სისტემამ ადამიანები თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს უნდა მოარგოს. ჩვენ არ გვჭირდება უმუშევარი სპეციალისტების გამოშვება. ჩვენ გვჭირდება ისეთი კურსდამთავრებულები, რომელიც სამსახურს იშოვნიან თანამედროვე მსოფლიოში”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში (2008 წელს იყო მხოლოდ რამდენიმეთვიანი ჩავარდნა) უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება საქართველოში, ვიდრე ქვეყნიდან მიდის.
“ეს არ ნიშნავს, რომ აღარ მიდიან. მიდიან, მაგრამ უფრო მეტი ბრუნდება. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზდრებმა შეწყვიტეს წასვლა. ახალგაზრდობა იმიტომ აღარ მიდის, რომ შანსები და იმედები გაჩნდა. მომავალი თაობა თავის ქვეყანაში რომ გამაგრდეს, გჭირდება უფრო მეტი სამუშაო ადგილი. სამუშაო ადგილებზე კი გვჭირდება კვალიფიციური კადრები. უკვე დაწყებულია რამდენიმე დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და ვიწყებთ 10 -15 ჰესის მშენებლობას უახლოეს თვეებში. ოცდაათი ათასი სპეციალისტი გვჭირდება, ვინც ჰიდროენერგეტიკაში იმუშავებს. საიდან უნდა მოვიყვანოთ დღეს ეს ხალხი? უნდა მოვიდეს ის, ვინც იცის ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია - ტექნიკური დარგები, ვისაც დამთავრებული აქვს ტექნიკური სასწავლებლები. ერთი სიტყვით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხალხმა გაიკვალოს გზა ცხოვრებაში”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. |
|