|
6-10-2011, 02:21
მიხეილ სააკაშვილმა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი „მასწავლებლის სახლი“ გახსნა. პრეზენტაციას პრეზიდენტთან ერთად 400-ზე მეტი სერთიფიცირებული პედაგოგი დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა მათ სიტყვით მიმართა და ქვეყანაში განათლების მაღალი ხარისხის აუცილებელობაზე ისაუბრა. ყურადღება მან ახალი ტექნოლოგიების განვითარების დეტალებსა და მოდერნიზაციის აუცილებლობაზე გაამახვილა. სააკაშვილმა იმ ახალგაზრდა მასწავლებლებთან გამართული შეხვედრაც გაიხსენა, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობას, პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ფარგლებში ქართული ენის შესწავლაში ეხმარებიან.
”ეს ახალგაზრდები იქ ახალ საქართველოს წარმოადგენენ და უკვე ძალზე პოპულარულები არიან. ისინი მეტ გამოცდილებასაც შეიძენენ. მე რომ დღეს ვიწყებდე ახალ კარიერას, ერთი წუთით არ ვიყოყმანებდი და სწორედ ასეთ მასწავლებელად წავიდოდი - იმაზე უკეთესი არაფერია, ვიდრე თავად გადაიქცე სახელმწიფოს ფასეულობების, თავისუფლებისა და ერთიანობის იდეის მატარებლად“, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ხარისხიანი, თანამედროვე განათლების სისტემის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ საქართველომ მსოფლიო განათლების სისტემაში საკუთარი ნიშა უნდა შექმნას. მისი თქმით, უახლესი ტექნოლოგიებითა და ლაბორატორიებით აღჭურვილი სკოლები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში განათლების დონის ამაღლებას. |
|