|
3-12-2011, 21:58
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრისა და თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. პრეზიდენტმა შენობის საძირკველში სიმბოლურად კაფსულა ჩადო და შეკრებილ მოსახლეობას მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა იმ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შემდეგ ორ წელიწადში იმაზე ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს, ვიდრე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაკეთდა, რადგან სხვაგვარად, პრობლემებისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვა მას შეუძლებლად მიაჩნია. მიხეილ სააკაშვილის თქმით, უმუშევრობა და უპერსპექტივების განცდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაჰბარდეს წარსულს. მსგავსი ცენტრების გახსნა კი, პრეზიდენტის განცხადებით, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება დასახული მიზნის მისაღწევად.
„ჩვენ შევქმნით ცენტრს, რომელიც იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ შრომის ბაზრისთვის ისე, რომ უმუშევრობასა და უპერსპექტივობას ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა მიმართვისას.
გლდანში პროფესიული გადამზადების ცენტრი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შენდება და რომელსაც მან პირადად ჩაუყარა საფუძველი, ექსპლუატაციაში მაისის დამლევს შევა. ამ ცენტრის მთავარი ფუნქცია კადრების პროფესიული გადამზადება და შრომით ბაზარზე მათი დასაქმება იქნება. გადამზადება აქ ტექნიკური დარგების მიმართულებით წარიმართება და პროფესიის ათვისება ყველა ასაკის მსურველს შეეძლება. კეთილმოეწყობა ცენტრის მიმდებარე ინფრასტრუქტურაც, აშენდება საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი, რომელიც ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, პროფორიენტაციის ცენტრები გაიხსნება სამგორის, ვაზისუბნის, ვარკეთილის ნაძალადევისა და საქართველოს სხვა რაიონებში. თითოეულ მათგანს, ისევე, როგორც გლდანის ცენტრს, საქართველოს პრეზიდენტი თავად უხელმძღვანელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა გლდანში გადამზადების ცენტრის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა:
"მოგესალმებით. რამდენიმე დღის წინათ დიმიტრი შაშკინთან და მთავრობის რამდენიმე წევრთან ერთად, ღამის 4 საათზე მოვედი და აქაურობა დავათვალიერე. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ გლდანისთვის ამ ახალი ცენტრალური ნაწილის აშენება. აქ საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნიკური გადამზადების ცენტრი აშენდება, სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება პროფესიული გადამზადება. აქვე მოეწყობა თანამედროვე სპორტული კომპლექსი საცურაო აუზით, რომელიც იმაზე ბევრად უკეთესი იქნება, რომელიც აქამდე ვაკესა და ქალაქის სხვა ცენტრალურ უბნებში აშენებულა. აქ ყველაფერი საუკეთესო უნდა იყოს - ასეთია ჩვენი გადაწყვეტილება.
მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, არ არსებობს არაპრივილეგირებული რეგიონები, თბილისში არ არსებობს არაპრივილეგირებული რაიონი, ისევე როგორც არ არსებობს არაპრივილეგირებული უბანი, ხალხი, ოჯახები... წინა მთავრობის იდეოლოგია კი, ეფუძნებოდა იდეას, რომ არსებობენ პრივილეგირებულები ადამიანები და ყველა სხვა დანარჩენი. მახსოვს, 80-იან წლებში, ჩვენმა ოჯახმა მუხიანში მიიღო ბინა. დიდი გაჭირვებით ვიპოვეთ ეს ადგილი და იმის გამო, რომ გარშემო არაფერი არ იყო, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საცხოვრებელ ბინაში წყლისა და დენის შეყვანაც კი დაავიწყდათ, ვფიქრობდით, რომ ჩვენთვის ცხოვრება დამთავრდა...
რა თქმა უნდა, მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა... თბილისის რაიონებს შორის, ყველაზე დინამიკურად, სწორედ გლდანი ვითარდებოდა, თუმცა ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. რა თქმა უნდა ჩვენ გავაკეთეთ გზები, გადავჭერით დენის, გამრიცხველიანებისა და გაზიფიკაციის პრობლემები, მაგრამ მთავარი საკითხები თავად გლდანელებმა მოაგვარეს. ძალიან ბევრმა მათგანმა შექმნა პატარა ბიზნესი, გაიჩინა თავისი პატარა საქმე, რითაც საკუთარ ოჯახსაც გაუმართა ხელი და ათი ან თუნდაც, 10 ადამიანი დაასაქმა თავის გარემოცვაში. ეს არის ისტორიული უბანი საქართველოსთვის - აქ იყო საზოგადო მოღვაწეების მთელი კოჰორტა, დაწყებული, ერთი მხრივ, კულა გრანელით და დამთავრებული შალვა ნუცუბიძით. გამოდის, რომ გლდანში თბილისის ცენტრიდან, ტრადიციულად, ინტელიგენციის ის ნაწილი სახლდებოდა, რომელიც ვერ მოხვდა პრივილეგირებულთა შორის. აქ სახლდებოდნენ სპეციალისტები, რომლებმაც იცოდნენ ისეთი რამის კეთება, რომელიც სხვამ არ იცოდა; სახლდებოდნენ დევნილები, რადგან ბინის შეძენა ყველაზე იაფად აქ არის შესაძლებელი. ანუ აქ ის ხალხი მოდიოდა, რომლებსაც, იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი დაკარგა, შენებისა და ცხოვრების ხელახლა დაწყების განსაკუთრებული სურვილი და უნარი ჰქონდა. გლდანი ყოველთვის რჩებოდა ერთ მუჭად შეკრულ რაიონად, სადაც ხალხი ერთმანეთს გაჭირვების დროს მხარში უდგას, სადაც ერთმანეთის სოლიდარობის გრძნობა უფრო მყარადაა განვითრებული, ვიდრე ნებისმიერ ურბანულ ცენტრში. აქ მცხოვრებ ხალხს ზუსტი ხედვა აქვს იმისა, თუ რა არის აქაურობის მკვიდრობა და როგორი მომავალი უნდა ჰქონდეს ამ უბანს... სწორედ ამიტომ, თქვენი ნებართვით, მინდა მონაწილეობა მივიღო თქვენი მომავლის შექმნაში.
ახლა ყურადღება მთელი დედაქალაქის აღმშენებლობაზეა გადატანილი. ნახეთ, როგორ გაკეთდა თბილისის ცენტრი. საქართველოს ისტორიის არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა ასეთი მასშტაბური მშებელობები, რაც ამ 5 წელიწადში განხორციელდა. რაც ამ წლებში შევძელით, ამას ეჭვქვეშ ვერავინ აყენებს. საქართველოს ისტორიის არც ერთ 5-წლიან პერიოდში თბილისში არ აშენებულა იმდენი, რამდენიც ბოლო 5 წლის განმავლობაში აშენდა. ამას ვერავინ დააყენებს ეჭვქვეშ. შემდეგ ორ წელიდაში უნდა აშენდეს იმაზე მეტი, ვიდრე წინა 5 წელიწადში, რადგან ეს არის ჩვენი ვალდებულება. სხვა შანსი ჩვენ არ გვაქვს, რადგან სხვაგვარად ვერ დავძლევთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ძალიან კარგად გაკეთდა აღმაშენებლის გამზირი, ვაკე, საბურთალო, რიყე, ორთაჭალა, თბილისის ცენტრალური უბნები; ძალიან ლამაზად კეთდება ყველაფერი, მაგრამ აქ ჩქეფს სიცოცხლეც და აქ არის მთავარი პრობლემებიც.
უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე მაინც აქ არის. საზოგადოების გარკვეულ ფენაში, მათ შორის, სამწუხაროდ, ახალგაზრდებში, ყველაზე მეტად აქ არის შემორჩენილი უპერსპექტივობის განცდა. ამიტომ ვიფიქრე, რაღაც ისეთი გაგვეკეთებინა, რომ მდგომარეობა გამოსწორებულიყო. თქვენ იცით, რომ რამდენიმე წლის წინათ, აქ ავაშენეთ გასართობი პარკი - ეს იყო ზღვაში წვეთი, მაგრამ მაშინ ამანაც გაგვახარა. გაკეთდა გლდანის ტბაც, რომელიც მალე უფრო მეტად დამშვენდება. კეთდება ახალი გზები, მათ შორის, შემოვლითი გზა თბილისის ზღვის გარშემო, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ზოგიერთი მიმართულებისთვის. ახლა კი ჩვენ შევქმნით ცენტრს, რომელიც იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ შრომის ბაზრისთვის ისე, რომ უმუშევრობას და უპერსპექტივობას ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ. მთავარი ჩვენი პრობლემა დღეს არა მარტო ისაა, რომ სამუშაო ადგილები ცოტაა, არამედ ის, რომ ზოგიერთი მიმართულებით, არსებული სამუშაოებისთვის მინიმალური კვალიფიკაციაც არ გვაქვს. ეს ჩვენი ბრალი არ არის. ეს 10-15-წლიანი უმოქმედობისა და იმის შედეგია, რომ ცოდნა აღარ გვაქვს. სწორედ ამიტომ ვქმნით ამ ტექნიკურ ცენტრს. დღეს დაიწყო ამ ცენტრის მშენებლობა, რომელიც, მაქსიმუმ, მაისში დამთავრდება. ივნისიდან ეს ცენტრი მწყობრში უნდა შევიდეს და აქ ათასობით გლდანელმა და გარშემო უბნების წარმომადგენლებმა უნდა დაიწყონ სიარული. გაზაფხულამდე უნდა დასრულდეს აუზის მშენებლობა, სადაც ყველა ასაკის ადამიანი ივლის. ზაფხულისთვის აქაურობა ისე უნდა შეიცვალოს, რომ თქვენც ვერ იცნოთ ადგილი, რომელშიც დაიბადეთ, გაიზარდეთ ან ცხოვრობთ. თუ ეს რაიონი დაძლევს გაჭირვებას, ამას დანარჩენი საქართველოც შეძლებს. თქვენ და, საერთოდ, თბილისის გარეუბნებია დღეს პროგრესის მამოძრავებელი ძალა. სიტყვა „გარეუბანი“ ბავშვობაში ჩემთვის, რაღაც შორეულის და არაკომფორტულის სინონიმი იყო. არადა, ყველა განვითარებულ ქვეყანაში, განვითარების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი გარეუმნის უპირატესობაა ცენტრთან. ჩვენი გარეუბნები ქალაქის ცენტრზე ნაკლებად არ უნდა იყოს განვითრებული, მომავალში კი, უკეთესიც იქნება. მოვა დრო, როდესაც სამუშაოდ და საცხოვრებლად ყველა აქეთ წამოვა. ამ და ყველა სხვა ცენტრის მუშაობას, რომლებიც სხვა რაიონებშიც აშენდება, პირადად ვუხელმძღვანელებ. ეს რამდენიმე დღის წინათაც ვთქვი და ნამდვილად არ მიხუმრია. რა თქმა უნდა, მას ეყოლება დირექტორიც და სხვა აუცილებელი პერსონალი, მაგრამ, მინდა ამ ცენტრის ბაზაზე, სტანდარტი ყველა სხვა ცენტრისთვის შევქმნათ.
ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია ხალხის პროფესიული გადამზადება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ავითვისოთ ყველა ის პროფესია და განვაახლოთ ჩვენი ძველი პროფესიული ნიჭი, რომელიც გვქონდა. პრობლემა მხოლოდ უმუშევრობა არ არის. პრობლემა ისაა, რომ ძალიან ბევრმა ჩვენგანმა ხელი ჩაიქნია, სამუშაოს აღარ ეძებს და უპერსპექტივობას შეეგუა. ეს მართლაც ტრაგედიაა, მაგრამ ამ ვითარების გამოსწორება და შეცვლა შესაძლებელია. თუ ჩვენ ახალ სტანდარტებს შევქმნით, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ცუდი ერთხელ და სამუდამოდ დაგვრჩება უკან, როგორც ძალიან ცუდი სიზმარი. ამიტომ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ვაპირებთ, იგივე გავაკეთოთ ვაზის უბანში, ვარკეთილში, სამგორის რაიონში, გლდანი- ნაძალადევის რაიონში და საქართველოს სხვა ურბანული ცენტრებისთვის. თუმცა აღმშენებლობა ყოველთვის აქ იწყებოდა და სტანდარტებიც უნდა აქ შეიქმნას. დარწმუნებული ვარ, ამას ყველანი ერთად გავაკეთებთ.
ჩემო მეგობრებო, კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას იმისთვის, რომ ჩემთან შესახვედრად გამონახეთ დრო. საქართველოსთვის ეს არის აღმშენებლობის წელიწადი. ვინც რა უნდა ილაპარაკოს, გვლანძღოს, გვაკრიტიკოს, დაწყებულ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ. ჯობს სხვებმა გვაკრიტიკონ და ჩვენ საქმე ვაკეთოთ. ზოგი იმას ამბობს, რომ სადღაც წყალი ჩამოდის, სხვაგან ბათქაში ცვივა, ვიღაც არქიტექტურას გვიწუნებს, მაგრამ ის უკეთესი იყო როდესაც არაფერი არ კეთდებოდა და სრული უმოქმედობა იყო? შეიძლება ვინმეს შუშის შენობა არ მოეწონოს, მაგრამ არ მგონია ნანგრევები უკეთესი ყოფილიყო. სწორედ ამიტომ არის ეს ცენტრი ჩემთვის იმედი. ამ ცენტრის არქიტექტურას თუ დაიწუნებენ, ეს მნიშვნელოვანი არ იქნება. მთავარია ის, რომ მისი მშენებლობის გადაწყვიტილების მიღებიდან ორ დღეში გვქონდა შენობის პროექტი. შესაძლოა, იმაზედაც დაიწყონ ლაპარაკი, რომ ყველაფერს ნაჩქარევად ვაკეთებთ, მაგრამ იმდენი დრო დავკარგეთ, რომ ახლა ყველაფრის სწრაფად გაკეთება გვიწევს. კარგად ვიცი, რომ ყველას გულს ვერ მოვიგებ. ისინი მხოლოდ ჩვენი კრიტიკით არიან დაკავებული, რადგან თვითონ არაფერს არ აკეთებენ. ჩვენ კი გვსურს ყველაფერი სწრაფად გავაკეთოთ, რათა ხელი მოვუმართოთ, მხარში ამოვუდგეთ და სიღარიბისა და უპერსპექტივობის განცდის დაძლევაში დავეხმაროთ მათ, ვისაც საქმის კეთება უნდა.ის, რაც დღეს აქ კეთდება, ჩვენი იმედის, ჩვენი ოცნების განუყოფელი ნაწილია. ყველაფერი ხელს გვიწყობს იმაში, რომ კარგი დასაწყისი ძალიან სწრაფად კარგადვე დაგვირგვინდეს. დიდი მადლობა". president.gov.ge |
|