|
22-06-2011, 13:05
ბრიტანეთიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტები ჩამოვიდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრიტანეთიდან ჩამოტანილი ერთიანი ეროვნული გამოცდების, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტების საცავებში ტრანსპორტირების პროცესს დაესწრო.
ერთიანი ეროვნული გამოცდების, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ლასერეს ტერმინალიდან თბილისისა და რეგიონების პოლიციის მთავარ სამმართველოებში გადაიტანეს და განათავსეს.
2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ტესტები კონფიდენციალური დოკუმენტაციის ბეჭდვაში აღიარებულმა ავტორიტეტმა, ბრიტანულმა კომპანია „სტივენ ოსტინმა“ დაბეჭდა (Stephen Austin (www.stephenaustin.co.uk). 1768 წელს დაფუძნებული კომპანია ”სტივენ ოსტინი” დღეისათვის მსოფლიოს 4 კონტინენტზე 20 ქვეყნის საგამოცდო ცენტრსა და განათლების სამინისტროს ემსახურება.
ტესტების შეფუთვისა და ტრანსპორტირებისას დაცული იქნა უსაფრთხოების ყველა ზომა – საგამოცდო ტესტები მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტებში, რომელთა გახსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია. პაკეტები ჩაეწყო ყუთებში და დაილუქა. დალუქული და პალეტებზე განთავსებული ყუთები განთავსდა კონტეინერში, რომელიც სამი სხვადასხვა ტიპის ლუქი დაედო.
საგამოცდო ცენტრებს ტესტები უშუალოდ გამოცდის დღეს მიეწოდება. დალუქული ყუთების ტრანსპორტირება უშიშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანხლებით მოხდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს საქართველოს მასშტაბით გახსნილია 15 საგამოცდო ცენტრი. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის რეგიონალური ინფრასტრუქტურა არ იძლევა ტესტების განთავსების შესაძლებლობას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები შეინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონალურ ცენტრებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონალური ინფრასტრუქტურა იძლევა შესაძლებლობას, უმაღლეს დონეზე იყოს უზრუნველყოფილი ტესტების უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა. |
|