|
1-07-2011, 15:40
საქართველოში ცნობილი მოვლენების გამო შეჩერებული სამშენებლო ბიზნესი თანდათანობით გამოდის კრიზისიდან. განახლდა მშენებლობები. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან დიდი ყურადღება ექცევა, როგორც მშენებლობის, ასევე სამშენებლო მასალის ხარისხს.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დიდი ხანია, მშენებლობის ხარისხის დამდგენი სასწავლო ლაბორატორია არსებობს, მაგრამ დანადგარების უდიდესი ნაწილი მწყობრიდანაა გამოსული, ხოლო რაც მუშაობს, დღევანდელ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
სამშენებლო ფაკულტეტზე ფუნქციონირებას იწყებს სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია. ლაბორატორიის ფორმირების პროცესს ხელმძღვანელობს გამოცდილი მეცნიერი, პრაქტიკოსი სპეციალისტი, სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი ვიტალი დვალიშვილი, რომელსაც დახმარებას უწევს მოადგილე ალეკო ქოჩიაშვილი. ფაკულტეტის დეკანის, ბატონი ზურაბ გედენიძის მხარდაჭერით, თანდათანობით დაიწყო სასწავლო-სამეცნიერო ბაზის გაახლება-დაკომპლექტება. ფაკულტეტზე ყველა სასწავლო სამშენებლო მიმართულების განხილვის შემდეგ, საბოლოოდ, სამშენებლო კონსტრუქციების გამოსაკვლევი აპრატურის შეძენა გადაწყდა.
ამავდროულად, ტექნიკური უნივერსიტეტისა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობითა და უშუალოდ მინისტრ რამაზ ნიკოლეიშვილის მხარდაჭერით, უმაღლეს სასწავლებელს ასფალტის ხარისხის დამდგენი უახლესი ლაბორატორიული დანადგარებიც გადაეცა. თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია, როგორც ფაკულტეტის ბიუჯეტიდან , ასევე, რექტორის პროფესორ არჩილ ფრანგიშვილისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პროფესორ ქეთი ქოქრაშვილის ძალისხმევით, უნივერსიტეტის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც დაფინანსდა. საერთო ჯამში, დანადგარების ღირებულებამ 550 ათასიდან 600 ათას ლარამდე შეადგინა. ექსპერტების მტკიცებით, ლაბორატორიას კავკასიაში ანალოგი არ მოეპოვება.
ლაბორატორიაში შესაძლებელია როგორც კვლევითი, ასევე, შემდეგი სახის პრაქტიკული სამუშაოს ჩატარება: 1) კონკრეტულ ობიექტზე, გამოყენებული საშენი მასალების (ბეტონი, არმატურა) სიმტკიცის მახასიათებლების განსაზღვრა; 2) ექსპერიმენტალური სამუშაოები ბეტონის ფიზიკურ- მექანიკურ თვისებებზე სხვადასხვა ქიმიური დანამატის(მიკროსილიკა, პენეტრონი, კალმატრონი და ა.შ) გავლენა; 3) ცალკეული ობიექტებისთვის ბეტონის ოპტიმალური რეცეფტების შედგენა; 4) სპეციალური დანიშნულების ობიექტებზე გამოყენებულ ბეტონებში წყალშეოღწევადობის კოეფიციენტის განსაზღვრა; 4) საავტომობილი გზების ასფალტის და ასფალტობეტონის საფარის გეომეტრიული პარამეტრების დადგენა დამისი სიმტკიცის მახასიათებელის განსაზღვრა ურღვევი მეთოდების გამოყენებით; 5) ასფალტისა და ასფალტბეტონის ფიზიკა-მექანიკური თვისებების დადგენა კერნის ამოღებით და მისი ლაბორატორიაში შემდგომი გადამუშავებით; 6) ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების ექსპერტული გამოკვლევა ურღვევი მეთოდების გამოყენებით; 7) რკინაბეტონის კონსტრუქციების არმირების პარამეტრების და არმატურის კოროზიის ხარისხის დადგენა ურღვევი მეთოდების გამოყენებით; 8) ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციებში აღმოჩენილი ბზარების პარამეტრების დადგენა და მათი გავლენის დადგენა კონსტრუქციის მდგრადობაზე; 9) მშენებარე და არსებულ ნაგებობებსი ბეტონის სიმტკიცის განსაზღვრა კერნის ამოღებით და მისი შემდგომი ლაბორატორიაში გამოცდით და ასევე, ბეტონის ახლეჩის მეთოდით; 10) ნაგებობების, ფუნდამენტების, ჯდომის პროცესის მონიტორინგი; 11) არსებული ნაგებობების მზიდი ელემენტების კონსტრუქციული სქემის დადგენა და მათი ექსპერტული შეფასება; 12) შენობა-ნაგებობის მდგრადობის კომპლექსური ანალიზი და საექსპერტო დასკვნის მომზადება; 13) მშენებარე ობიექტზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება; 14) სპეციალური დანიშნულების ობიექტებზე მშენებლობის პროცესის სამეცნიერო-ტექნიკური თანხლება.
ამჟამად მიმდინარეობს ლაბორატორიის სტრუქტურის ფორმირება. მზადდება დოკუმენტაცია ლაბორატორიის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის აკრედიტაციის მისაღებად.
ახლო მომავალში კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში დიდი კომპიუტერული ცენტრი N 2 ჩამოყალიბდება, რომელიც აღნიშნულ ლაბორატორიასთან ერთად კომპლექსურ სამეცნიერო-კვლევით ანსამბლს შექმნის. ცენტრს მთავარი შესასვლელი მერაბ კოსტავას ქუჩიდან ექნება. |
|