|
14-07-2011, 01:17
14 და 15 ივლისს, 15:00 საათზე, მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას აბარებენ. მანამდე კი, 14:00 საათზე, გამოცდისთვის რეგისტრაციას გაივლიან.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით ბათუმის საგამოცდო ცენტრში ბრიფინგს გამართავს.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა ნებისმიერი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად; სპეციალობის გამოცდას კანდიდატები უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებენ. მაგისტრანტობის კანდიდატები ჩაირიცხებიან საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სპეციალობის გამოცდის შედეგების მიხედვით. სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგით.
სამაგისტრო პროგრამებზე მიღების ახალი მოდელი 2009 წელს, საქართველოს მთავრობის ინციატივით დაინერგა. ახალმა მიდგომამ შესაძლებელი გახადა სამაგისტრო პროგრამების ცენტრალიზებულად, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის მიხედვით დაფინანსება. 2011 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით დაფინანსდება 11 მიმართულება (ბიზნესი და ეკონომიკა, ჰუმანიტარული, სოციალური, სამართალი, საინჟინრო, განათლება და პედაგოგიკა, საბუნებისმეტყველო, აგრარული, მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნება, ჯანდაცვა), რომელთაგან, ამ ეტაპზე, პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული საბუნებისმეტყველო მიმართულებები, ასევე აგრარული სფერო, ჰუმანიტარული და განათლების მიმართულებები. |
|