|
8-09-2011, 02:35
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მაგისტრანტობის კანდიდატთა პირველადი რეიტინგული სია და ქულების შენახვის ცხრილი გამოაქვეყნა. ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა მაგისტრანტობის იმ კანდიდატების პირველად რეიტინგული სია, რომელთაც ჩააბარეს 2011 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდა და მოიპოვეს ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობის უფლება (ანუ, გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ტესტის სამ ნაწილში მაინც).
სიაში არ არის ასახული იმ კანდიდატთა შედეგები, რომლებმაც საერთო სამაგისტრო გამოცდა 2009 და 2010 წელს ჩააბარეს და სურთ შენახული ქულებით 2011 წლის კონკურსში მონაწილეობა. ქულები ინახება დადგენილი წესით. ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ამ წესის მიხედვით შედგენილი ცხრილი. ამ ცხრილში მოცემულია 2009 და 2010 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული ყოველი ქულის შესაბამისი ქულა 2011 წლის კონკურსში მონაწილეობისთვის.
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამას საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის ნულოვანი წონა არ აქვს მინიჭებული, საკონკურსო ქულის გამოთვლის დროს სპეციალობის გამოცდის/გამოცდების ნორმირებული ქულები უნდა გაამრავლოს შესაბამის კოეფიციენტზე და შემდეგ 71 400-ზე.
შეგახსენებთ, რომ მაგისტრანტთა სახელმწიფო დაფინანსება სწორედ ამ შედეგების მიხედვით ხდება, თუმცა მაგისტრანტობის კანდიდატმა შერჩეულ უმაღლეს სასწავლებელში შიდა გამოცდებიც უნდა ჩააბაროს. ცნობილია, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, დაფინანსების დიდი ნაწილი ტექნიკურ და საინჟინრო სპეციალობებზე მოდის. ამიტომ ტექნიკურ ფაკულტეტსა და საინჟინრო სპეციალობზე ესა თუ ის ქულა შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს გრანტის მისაღებად, სხვა სპეციალობაზე კი არა. |
|