|
3-08-2011, 20:45
6 აგვისტოს ხევსურეთში, სოფელ შატილში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული შატილობა გაიმართება. ორგანიზატორთა განცხადებით, წლევანდელი `შატილობა~ გამორჩეული იქნება სანახაობების მრავალფეროვნებით. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში შატილს ესტუმრება მრავალი შიდა და უცხოელი ტურისტი. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, შატილის და ზოგადად ხევსურეთის მდიდარი კულტურული მემკვიდერობის პოპულარიზაციას, ხოლო მეორე მხრივ, შატილში ტურისტული ნაკადების რაოდენობის ზრდას. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია შატილის ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც საკუთარ სახლებს აქირავებენ ტურისტებზე.
როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ჩატარდება გრანდიოზული ფოლკლორული კონცერტი, შეჯიბრებები, მკლავჭიდი, ქართული ჭიდაობა, მშვილდისრის სროლა, ცხენების დოღი,გაამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულო, ხევსურული ლუდი. ორდღიანი პროგრამა დატვირთულია სიურპრიზებით, ღამე დაინთება დიდი კოცონი.
6 აგვისტოს, 12:00 საათზე, დაგეგმილია სადღესასწაულო ღონისძიებების გახსნა; 13:00 საათზე - ლუდის კოდის დალოცვა; 14:00 საათზე - ცხენოსნობა (დოღი); 16:00 საათზე - ქართული ჭიდაობა და მკლავჭიდი; 18:00 საათზე - ხრიდოლი; 19:00 საათზე საღამოს დაასრულებს გალაკონცრტი და მოძრაობის ტეატრის წარმოდგენა. ბოლოს კი გაიმართება ხევსურული ლხინი ღამის კოცონთან.
7 აგვისტოს იგეგმება ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება
ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებითა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. დუშეთის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივ მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, შატილობა მომავალშიც აგვისტოს დასაწყისში ჩატარდება. |
|