|
4-08-2012, 00:45
4 აგვისტოს სოფელ შატილში, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, გაიმართება სახალხო დღესასწაული "შატილობა 2012". აღნიშნული ღონისძიება შატილში უკვე რამდენიმე წელია ტარდება და მრავალფეროვანი სანახაობებით უამრავ სტუმარს იზიდავს. ისევე, როგორც გასულ წლებში, წელსაც დაგეგმილია არაერთი სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარება, კერძოდ, მოეწყობა შეჯიბრება მკლავჭიდსა და დოღში, გაიმართება ტრადიციული რიტუალების თეატრალური წარმოდგენები, მოგვიანებით კი ჩატარდება გალაკონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები.
შატილის მიმართულებით თბილისიდან მიკროავტობუსები კვირაში ორჯერ: ოთხშაბათს და შაბათს 9.00 საათზე დიდუბის ავტო სადგურიდან გადის და მეორე დღეს უკან ბრუნდება. მგზავრობის ღირებულება 15 ლარს შეადგენს. შატილში ღამის გათევა შესაძლებელია როგორც კოშკებში და საოჯახო სასტუმროებში, ასევე საძილე კარვებში, რომელიც მგზავრებმა თან უნდა იქონიონ.
ღონიშძიების პროგრამა: 14:00 - ღონიძიების გახსნა; 15:30 - 16:00 სპორტული ღონისძიებები; 17:00 - გალაკონცერტი.
შატილი ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა განმავლობაში სდარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია).
სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. სოფელს შენობებს შორის მთელ სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგები - გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად.
1970-იანი წლებში დაიწყო შატილის რესტავრაცია-ადაპტაცია (არქიტექტორები თ. აბრამიშვილი, ნ. მინდორაძე, ი. შარაშენიძე).
2007 წლის 24 ოქტომბრიდან შატილი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[1] |
|