|
24-08-2011, 02:10
ნაცარგორას (ხაშურის რაიონი) ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარში არქეოლოგიური გათხრები განახლდება. გაგრძელდება ნიადაგის ზედაპირის შესწავლა და გასულ წლებში დაწყებული არქეომეტრიული ანალიზისთვის საჭირო ნიმუშების შეგროვება. როგორც იტალიის საელჩოში აცხადებენ, გათხრებში მონაწილეობას 10 იტალიელი და 10 ქართველი მეცნიერი და სტუდენტი მიიღებს. აღსანიშნავია, რომ 1984-1987 წლებში ნაცარგორას ნამოსახლარი ქართველმა არქეოლოგმა ა. რამიშვილმა გამოიკვლია.
2011 წლის დეკემბერში იგეგმება სამეცნიერო ნაშრომის I ტომის გამოცემა, რომელშიც თავმოყრილი იქნება აღნიშნული არქეოლოგიური მისიის მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგები: მ. ფეთურიძე, ე. როვა "ხაშური, ნაცარგორა: ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამარხები" (შიდა ქართლის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტი I, Khashuri Natsargora: The EBA Graves, Brepols Publisher, Turnhout 2011).
ვენეციის კა' ფოსკარის უნივერსიტეტის არქეოლოგიური მისია, რომელიც 2009 წელს დაიწყო, გაგრძელდება ა/წ 5 ოქტომბრამდე. აღნიშნული არქეოლოგიური მისიის მუშაობა ხორციელდება პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს შიდა ქართლში გვიანდელი ენეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ჩვ.წ.აღ-მდე IV-III ათასწლეულები) კულტურის შესწავლას. პროექტს, რომელიც ხორციელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ხელმძღვანელობენ პროფესორი ელენა როვა, ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ზურაბ მახარაძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარინა ფუთურიძე. ghn.ge |
|