|
16-10-2009, 11:22
16 ოქტომბერს, 17:00 საათზე, მწერალი გურამ დოჩანაშვილი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით შეხვედრაზე მწერალი თავის ნაწარმოებებს განიხილავს და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებს. შეხვედრას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი შამათავა დაესწრებიან.
გამოჩენილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს თბილისში დაიბადა. სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული (1962), 1962-1975 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი იყო. მონაწილეობდა 30-მდე ქვის ხანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში.
მწერლის პირველი მოთხრობები ჟურნალ "ცისკარში" 1961 წელს დაიბეჭდა, ხოლო პირველი წიგნი "მთის გადაღმა" 1966 წელს გამოიცა.
დოჩანაშვილის ნაწარმოებების მთავარი თემა ღირსება, სიკეთე, სიყვარული, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვაა. გურამ დოჩანაშვილის შემოქმდება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს. |
|