|
23-01-2012, 18:26
20 იანვარს, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მუშაობისთვის, სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდაში გაწეული დიდი ღვაწლისთვის ცნობილი ქართველი კალათბურთელი, სტუ-ის საკალათბურთო კლუბის პრეზიდენტი გურამ მინაშვილი საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა.
გურამ მინაშვილი 1936 წლის 25 ნოემბერს თბილისში დაიბადა. 1953-67 წლებში თამაშობდა თბილისის ”დინამოში” (186 სმ), 1968-71 წლებში - თბილისის ”სინათლეში”. 1957-64 წლებში იყო სსრკ-ის ნაკრების წევრი, XVII ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1960, რომი), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1957, 59, 63), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ ჩემპიონი (1953), სამგზის მეორე (1959, 60, 61) და მესამე (65) პრიზიორი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სტუ-ის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე (1984-იდან), ღირსების ორდენის კავალერი.
გურამ მინაშვილი თითქმის 2 ათეული წლის განმავლობაში თავისი განუმეორებელი ასპარეზობით ხიბლავდა კალათბურთის გულშემატკივრებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
2011 წლის ნოემბერში, დაბადებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გურამ მინაშვილი სპორტის სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ წმინდა გიორგის ხატითა და საქართველოს ეროვნული ნაკრების სამახსოვრო მაისურით დააჯილდოვა, ამასთან მინისტრმა გურამ მინაშვილს საპატიო რაინდის წოდებას მიანიჭა. |
|