|
12-10-2009, 12:53
[ipn]დიღმის ველის ჩრდილოეთ ნაწილში, ნაქულბაქევის ტერიტორიაზე, 3000 წლის წინანდელი უნიკალური სამარხები აღმოაჩინეს.ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, რომ ნაქულბაქევის სამარხები, დამარხვის წესისა და აღმოჩენილი ინვენტარის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას იძლევა.
გათხრებზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მეცნიერები მუშაობენ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაო XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, საქართველოს სამხედრო გზის გაფართოების დროს დაიწყო, როდესაც შუა საუკუნეების ხანის ნასახლარის ნაშთები და გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის სამარხები აღმოჩნდა. 2007 და 2009 წლებში დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ერთობლივმა კომპანიამ IDP ჯგუფმა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი ტექნოლოგიების ცენტრის აგებას გეგმავს, არქეოლოგიური სამუშაო დააფინანსა. მომავალში ძეგლის ტერიტორიაზე იგივე კომპანია ვალდებულებას იღებს, ვიზიტორთა ცენტრი მოაწყოს, სადაც დამთვალიერებელს ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი მასალის გაცნობის საშუალება მიეცემა.
ნაქულბაქევი ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ადგილია. დიდი მცხეთის აღმოსავლეთის კარიბჭე სწორედ ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა. ამ ტერიტორიაზეა აღმოჩენილი რომის იმპერატორის ვესპასიანეს წარწერა (ახ. წ. 75 წ). ნაქულბაქევზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ აღნიშნული ტერიტორია სავაჭრო გზების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ამაზე მიუთითებსსახელწოდება ნაქულბაქევიც, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილთან მოიხსენიება.
თბილისის ტერიტორიაზე ადამიანთა უწყვეტი ცხოვრების ნაშთები 6 000-ზე წელზე მეტი ხნისაა. ქალაქი დასავლურ და აღმოსავლურ კულტურათა გზაჯვარედინზე მდებარეობს და ამიტომ მის ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა საყურადღებოა.
სამარხებში აღმოჩენილ ნივთებს თბილისის არქეოლოგიურ მუზეუმ-საცავში გადაიტანენ, სადაც დედაქალაქის ტერიტორიაზე გამოვლენილი 10 000-ზე მეტი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ექსპონატი ინახება.
ახალი აღმოჩენა ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერეს. |
|