7 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ’’საერთაშორისო სტუდენტთა კავშირს” შორის.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სტუდენტური გაერთიანების ”ერასმუსის სტუდენტთა კავშირის” (ESN) წარმომადგენლები: კადირ ქელეში (თურქეთის ეროვნული წარმომადგენელი) და ვეელი ოესელგი (ESN-ის ვიცე-პრეზიდენტი 2009-2010 წლებში). სტუმრებმა საზოგადოებას თავიანთი ორგანიზაცია წარუდგინეს და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გასაუბრებოდნენ ორგანიზაციის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს.
’’საერთაშორისო სტუდენტთა კავშირი” (ISU) ავრცელებს ინფორმაციას საზღვარგარეთის გაცვლით პროგრამებზე, ამზადებს სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის და მხარს უჭერს ქართველი სტუდენტების ადაპტაციას ახალ გარემოში.
ერასმუსის პროგრამა გულისხმობს უმაღლესი განათლების კოოპერაციას ევროპის საგანმანათლებლო სისტემასთან. კერძოდ, ის მოიცავს სტუდენტთა გაცვლას სწავლის აკრედიტებული პერიოდის განმავლობაში, ევროპულ საკრედიტო ტრანსფერულ სისტემას (ECTS), მობილობას და პედაგოგთა გაცვლას, ენობრივ ტრენინგებს სტუდენტთათვის და ა.შ..
Erasmus Mundus არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.
Erasmus Mundus ახორციელებს მხარდაჭერას: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ, რომელთაც სურთ ინსტიტუციური ურთიერთობების ჩამოყალიბება ევროპის უნივერსიტეტებსა და მესამე ქვეყნებს შორის; ინდივიდუალური სტუდენტების, მკვლევარებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების მიმართ, რომელთაც სურთ სწავლის/კვლევის/სწავლების პერიოდი გაატარონ ზემოთ ნახსენები ერთობლივი პროგრამების ფარგლებში (http://ec.europa.eu/erasmus-mundus).
პროგრამა მოიცავს ევროპული და არაევროპული უნივერსიტეტების ერთობლივ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს; სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას ევროპული და არაევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უსდ); მსოფლიოში ევროპული უმაღლესი განათლების სისტემის მიმზიდველობის ხელშეწყობას
მხარდაჭერა ხორციელდება სამი სხვადასხვა პროგრამული აქტივობის ფარგლებში: აქტივობა 1 – ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავება და იმპლემენტაცია, სტიპენდიების ჩათვლით; აქტივობა 2 – თანამშრომლობა არა-ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სტიპენდიების გათვალისწინებით (ყოფილი საგარეო კოოპერაციის ფანჯარა - ECW); აქტივობა 3 – ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის მიმზიდველობის ხელშეწყობა.
აქტივობა 1-ის ფარგლებში სამი სხვადასხვა ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტების კონსორციუმი ქმნის მაღალი ხარისხის ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს. კონსორციუმის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებიც. სტიპენდიები ამ პროგრამაზე ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სტუდენტისათვის. პროგრამა აუცილებლად უნდა მოიცავდეს სულ მცირე ორ უნივერსიტეტში სწავლის/კვლევის პერიოდს და უნდა ანიჭებდეს ერთობლივ და/ან ორმაგ აკადემიურ ხარისხს.
პროგრამის ძირითადი მახასიათებლები: მაღალი ხარისხის ერთობლივი სამაგისტრო (აქტივობა 1A) და სადოქტორო (აქტივობა 1B) პროგრამების შემუშავების ხელშეწყობა. პროგრამები იქმნება ევროპული და შესაძლოა პარტნიორი ქვეყნის უნივერსიტეტების კონსორციუმის მიერ. კონსორციუმში შეიძლება სხვა ორგანიზაციების მონაწილეობაც, რომელთა მუშაობის პროფილი ხელს უწყობს პროგრამის განხორციელებას. სტიპენდიები ევროპელი და პარტნიორი ქვეყნის სტუდენტებისათვის (მაგისტრანტები და დოქტორანტები) ამ პროგრამაზე სწავლის უზრუნველყოფის მიზნით; მოკლევადიანი სტიპენდიები ევროპელი და პარტნიორი ქვეყნების აკადემიური პერსონალისათვის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლებისა და კვლევითი მუშაობის უზრუნველყოფისათვის.
კონსორციუმის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ევროკავშირის 27 ქვეყნის, EEA-EFTA სახელმწიფოების (ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია) ან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის (ხორვატია, მაკედონია და თურქეთი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, მინიმუმ სამი სხვადასხვა ქვეყნიდან თითო-თითო სასწავლებელი. შერჩევის შემდეგ კონსორციუმმა შეიძლება დაამყაროს პრტნიორობა ე.წ. მესამე ქვეყნების სულ მცირე ერთ უნივერსიტეტთან.
აქტივობა 2 გულისხმობს პარტნიორობას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამებისა და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელიც ევროკავშირის საგარეო თანამშრომლობის პოლიტიკის შესაბამისად მიმართულია არა-ევროპული ქვეყნების სოციალურ–ეკონომიკური განვითარებისაკენ.
კონსორციუმი უნდა მოიცავდეს სულ ცოტა სამი ევროპული ქვეყნიდან მინიმუმ ხუთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ასევე რამდენიმე უსდ–ს მითითებული არაევროპული რეგიონიდან. განსაკუთრებული ყურადრება ექცევა საზოგადოების სოციალურად დაუცველ ფენებს.
პროგრამის ძირითადი მახასიათებლები: სხვადასხვა ხანგრძლივობის სტიპენდიები (3 თვიდან – 3 წლამდე); სტიპენდიები ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორნტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისათვის, ასევე უსდ–ის თანამშრომლებისთვის (ტრეინიგნი, სწავლება, კვლევა)
მობილობა არ უკავშირდება კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
აქტივობა 3 გულისხმობს ევროპული უმაღლესი განათლების სისტემის მიმზიდველობის, პროფილისა და ცნობადობის ხარისხის გაზრდას მსოფლიოში. აქტივობა ვრცელდება უმაღლესი განათლების ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა განათლების ხელმისაწვდომობა, ხარისხის უზრუნველყოფა, კრედიტების აღიარება, კვალიფიკაციების ორმხრივი აღიარება, კურიკულუმის შემუშავება და მობილობა.
პროექტი შეიძლება განხორციელდეს უმაღლესი განათლების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების ქსელის მიერ, რომელშიც სულ მცირე სამი ევროპული და ორი პარტნიორი ქვეყნის ორგანიზაცია უნდა შედიოდეს.