საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერასმუს მუნდუსის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. “ერასმუს მუნდუსის” მეორე აქტივობის პროექტის, “ალრაკისის” საინფორმაციო შეხვედრას გერმანიის გიოტინგენის უნივერსიტეტის წარმომადგენელი და ამ პროექტის კოორდინატორი, კარლოს მაჩადო უძღვებოდა.
ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, ლევან კლიმიაშვილმა. მან სტუ-ის ფაკულტეტისა და სპეციალობების, აგრეთვე უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა.
მაჩადომ სტუ-ის სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია “ერასმუ მუნდუსის” პროექტის, კერძოდ, “ალრაკისის” შესახებ. როგორც მან განმარტა, პროექტი გულისხმობს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას სამხრეთ კავკასიისა და ევროპის ქვეყნებს შორის.
“ერასმუს მუნდუსი” არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე. ამასთანავე, “ერასმუს მუნდუსი” ხელს უწყობს ევროპის უნივერსტეტებსა და მესამე ქვეყნების უნივერსტეტებს შორის თანამშრომლობას.
ამჟამად, “ერასმუს მუნდუსის” პროგრამაში საქართველოს 5 უნივერსტეტი მონაწილეობს. ესენია: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
მობილობის პროგრამის ფარგლებში ქართველი სტუდენტები, მკვლევრები და უნივერსიტეტის თანამშრომელი გაემგზავრებიან პარტნიორ უნივერსიტეტებში სასწავლებლად და სამუშაოდ. Erasmus Mundus ჰყავს 3 სამიზნე ჯგუფი და მის ფარგლებში ხდება ხუთი კატეგორიის ინდივიდუალური მობილობის პროგრამის დაფინანსება: საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, პოსტსადოქტორო, აკადემიური პერსონალი.