|
9-09-2011, 00:39
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის და კომპანია "რომპეტროლის" მიერ ორგანიზებული და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე "უნივერსიადა 2011" ამ ზაფხულს ოფიციალურად დაიხურა. მისი გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა.
დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც 11 ივნისს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა, საუკეთესოები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა და კომპანია "რომპეტროლის" გენერალურმა დირექტორმა დააჯილდოეს.
"უნივერსიადა 2011" სპორტის 20 სახეობაში მიმდინარეობდა. გამარჯვებული „სტუ" გახდა 15 ოქროს, 14 ვერცხლისა და 16 ბრინჯაოს მედლით. მეორე ადგილზე ილიას უნივერსიტეტი გავიდა 15 ოქროს, 11 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედლით, მე-3 პოზიცია კი „აგრარულმა" დაკავა 11 ოქროს, 15 ვერცხლისა და 24 ბრინჯაოს მედლით.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიადის შედეგებით საქართველოს საუნივერსიტეტო ნაკრები გუნდი დაკომპლექტდება, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთის ქალაქ შენძენში გასამართ მსოფლიო უნივერსიადაზე სპორტის 8 სახეობაში მიიღებს მონაწილეობას.
უნივერსიადა მოიცავს სპორტის 20 სახეობას. ესენია კარატე, მაგიდის ჩოგბურთი, ტყვიის სროლა, ბ/რ ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, ძიუდო, ქართული ჭიდაობა, ცურვა, კრივი, ქუჩის კალათბურთი, მძლეოსნობა, შვიდკაცა რაგბი, სამბო, ჭადრაკი, ჩოგბურთი, მკლავჭიდი, ხელბურთი, ძალისმიერი სამჭიდი, ტაეკვონდო, ფრენბურთი. usfg.ge |
|