|
15-11-2011, 01:37
საქართველოს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებში ნუმერაციის ეროვნული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, 15 ნოემბრიდან ქვეყნის ფიქსირებული ადგილობრივ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი 0X(X) ფორმატის მოკლე ნომრები შეიცვლება 1XX(XXX) ფორმატის მოკლე ნომრებით.
რეფორმის პირველ ეტაპზე მიმდინარე წლის 15 ნოემბერს შეიცვლება ექსტრემალური (საგანგებო) სამსახურების ტელეფონების არსებული მოკლე სპეციალური ნომრები და ისინი შემდეგი სახის იქნება: სახანძრო - სამაშველო სამსახურის ტელეფონების ნომრები - 01 და 011, შეიცვლება ნომრით - 111; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ტელეფონების ნომრები 03 და 033, შეიცვლება ნომრით - 113; გაზის საავარიო სამსახურის ტელეფონის ნომერი - 04, შეიცვლება ნომრით -114; საპატრულო პოლიციის ტელეფონის ნომერი - 022, შეიცვლება ნომრით - 122; დაცვის პოლიციის ტელეფონის ნომერი - 025, შეიცვლება ნომრით - 125.
ექსტრემალური (საგანგებო) სამსახურების გამოსაძახებლად ფიქსირებული ადგილობრივი და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ იკრიფება მხოლოდ გამოსაძახებელი სამსახურების მოკლე სპეცნომრები.
შეიცვლება ყველა სხვა ორგანიზაციების და სამსახურების ტელეფონების მოკლე ნომრები, რომლებიც "0" -ით ან "8"-ით იწყება, მათი და 1XX(XXX) ფორმატის ნომრების მქონე სხვა და სხვა ორგანიზაციების და სამსახურების გამოძახების წესი შემდეგი იქნება:
თუ გამოსაძახებელი სამსახური ან/და ორგანიზაცია, ფიქსირებული ადგილობრივი და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტები ერთი და იმავე ქალაქის ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობენ სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ იკრიფება მხოლოდ გამოსაძახებელი სამსახურის მოკლე ნომერი; (მაგალითად: ქ. თბილისიდან ქ.თბილისში მდებარე სოფლის მეორნეობის კორპორაციის ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერზე - 16015 დასარეკად იკრიფება მხოლოდ აღნიშნული ნომერი).
თუ გამოსაძახებელი სამსახური ან/და ორგანიზაცია და ფიქსირებული ადგილობრივი და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტები სხვადასხვა ქალაქის ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობენ სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ იკრიფება პრეფიქსი "8", იმ ქალაქის კოდი, სადაც გამოსაძახებელი სამსახური მდებარეობს და გამოსაძახებელი სამსახურის ნომერი (მაგალითად: ქ. ბათუმიდან ქ.თბილისში მდებარე სოფლის მეორნეობის კორპორაციის ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერზე-16015 დასარეკად იკრიფება პრეფიქსი 8, თბილისის კოდი-32 და ტელეფონის ნომერი-16015).
გარდამავალ ეტაპზე, 15 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე უზრუნველყოფილი იქნება ძველი 0X(X) ფორმატის და ახალი 1XX(XXX) ფორმატის მოკლე ნომრების თანამოქმედება, ხოლო 30 ნოემბრიდან იმოქმედებს მხოლოდ 1XX(XXX) ფორმატის მოკლე ნომრები. |
|