|
16-12-2011, 22:28
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ხრიდოლის" გუნდის წარმომადგენლებმა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოუტანეს.
დიღმის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის საჭიდაო ცენტრის დარბაზში 11 დეკემბერს გაიმართა ევრაზიის პირველობის პირად-გუნდური ჩემპიონატი ხელჩართულ ბრძოლაში ქართული კრივის წესებით, რომლის ორგანიზატორი იყო ქართული საბრძოლო ხელოვნების ეროვნული ფედერაცია "ხრიდოლი".
ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ირანის, უკრაინის და რუსეთის სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების ნაკრებმა გუნდებმა. პირად შემადგენლობაში გამოირჩეოდნენ მსოფლიოსა და აზიის ჩემპიონები.
11 დეკემბერსვე, "ხრიდოლის" ფედერაციის ინიციატივითა და ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მონაწილეობით, დაფუძნდა "ხელჩართულ საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფედერაცია".
ტურნირში მონაწილე სპორტსმენების დიდი გამოცდილებისა და დახვეწილი ოსტატობის გამო ორთაბრძოლებმა ძალიან მაღალ დონეზე ჩაიარა. "ხრიდოლის" ფედერაციის ნაკრების წევრებმა ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვეს სხვა ქვეყნების ნაკრებთა მებრძოლებთან. მათ შორის წმინდად დაამარცხეს მსოფლიოსა და აზიის ჩემპიონი აზერბაიჯანელი და ჩრდილოკავკასიელი სპორტსმენები და გუნდურ პირველ ადგილს დაეუფლნენ.
"ხრიდოლის" ნაკრების შემადგენლობაში თავი გამოიჩინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ხრიდოლის" გუნდის წარმომადგენლებმა, რომლებმაც საქართველოს ნაკრებს 7 ოქროს, 10 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოუპოვეს. |
|