|
13-05-2015, 15:42
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩინეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე აქამდე არნახულ წარმატებას მიაღწია და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა. მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი მეხუთედ ჩატარდა და აქამდე საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგი 2011 წელს მიღწეული მესამე ადგილი იყო.
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების გამოკვეთილი ლიდერი და პირველ დაფაზე მოასპარეზე ბელა ხოტენაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტორანტია.
ბელა ხოტენაშვილი არის საქართველოს ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი 16 წლამდელთა შორის, მოგებული აქვს მაია ჩიბურდანიძის თასი, არის გუნდურში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი. იგი არის საერთაშორისო დიდოსტატი მამაკაცებში, ქალთა შორის საჭადრაკო გრან-პრის სერიის ორი ტურნირის გამარჯვებული. მისი პირადი მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტორანტია. ბელას მიერ მიღწეულ წარმატებაში მან დიდი წვლილი შეიტანა.
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრებს ბელა ხოტენაშვილს, ლელა ჯავახიშვილს, სალომე მელიას, ნინო ბაციაშვილს და მერი არაბიძეს და მის ხელმძღვანელობას, ჩინეთში დასრულებულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე აღებული პირველი ადგილისთვის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ქართულ სპორტში უმაღლესი სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.
სეოკ-მა მსოფლიოს ჩემპიონ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს უმასპინძლა. ღონისძიების დასრულების შემდეგ ხაბელოვმა ნაკრების წევრები, გუნდის კაპიტანი, საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა, მთავარი მწვრთნელი ელიზბარ უბილავა, გია გიორგაძე და ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. |
|