|
5-01-2012, 02:41
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გალაკტიონ ტაბიძის უცნობი ფოტომასალა გამოიფინება. ამის შესახებ ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.
"გალაკტიონი არის ერთ-ერთი პოეტი, რომელსაც საინტერესო არქივი აქვს შემონახული. იქიდან უამრავი მასალის მოპოვება შეიძლება. ჩვენთან 13 იანვარს პოეტის სურათები, ხელნაწერები და ჩანახატები გამოიფინება, რომელიც საზოგადოების ფართო მასისთვის აქამდე უცნობი იყო. ვფიქრობ, გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების ასეთი მასშტაბური გამოფენა ჯერ არ ყოფილა", - აღნიშნა ლაშა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, გალაკტიონ ტაბიძის ფოტოები, ხელნაწერები და ჩანახატები ეროვნულ ბიბლიოთეკაში 13 იანვარს გამოიფინება და 17 მარტამდე გაგრძელდება.
გალაკტიონ ტაბიძის 120 წლის იუბილე 15 ნოემბერს თბილისში, პოეტის სახლ-მუზეუმში აღინიშნა, 17-ში კი სოფელ ჭყვიშში.
გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს სოფელ ჭყვიშში დაიბადა. 1914 წელს გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, ხოლო 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" ავტორს "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანა. 1922-1923 წლებში გამოსცემდა "გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს". 1924 წელს იყო ჟურნალ "მნათობის" ერთ-ერთი ფუძემდებელი. გალაკტიონ ტაბიძე ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. 1991 წელს გალაკტიონის ერთტომეული ბერლინში, გერმანულ ენაზე გამოიცა.
უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. "პოეტების მეფემ" სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გალაკტიონი 1959 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. ghn |
|