|
13-01-2012, 23:32
17 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ცნობილი იტალიური კომპანიის ItalDesign-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, ავტოდიზაინერი ჯორჯეტო ჯუჯარო ესტუმრება.
მისი კარიერა დიზაინის სფეროში ადრეულ ასაკში იწყება, 17 წლისა, ის ფიატის სტილის ცენტრის (Centro Stile) ერთ-ერთი წარმომადგენელია. 1965 წელს ჯუჯარო ხდება იტალიური მატარებლების მთავარი დიზაინერი და ქმნის ექსპრეს მატარებლების დიზაინს, რომელიც დღემდე ხმარებაშია. 1968 წელს ჯორჯეტო ჯუჯარო ქმნის კომპანია ItalDesign Giugiaro, რომელიც უზრუნველყოფს საავტომობილო მრეწველობის სრულ პაკეტით მომსახურებას. ამასთან, ItalDesign-ის წარმატება მნიშვნელოვნადაა განპირობებული მისი ფილიალის, Giugiaro Design-ის საქმიანობით, რომელიც საავტომობილო ტექნიკას, პროტოტიპების შექმნასა და ტესტირებას ითვალისწინებს.
2010 წ. კომპანიის აქციათა ნაწილი შეისყიდა იტალიურმა Lamborghinin Holding-მა, რომელიც შედის Volkswagen Group-ის შემადგენლობაში. ჯორჯეტო ჯუჯაროს მიღებული აქვს უამრავი საპატიო ჯილდო, როგორც იტალიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იგი გახლავთ შრომის კავალერი, საპატიო ხარისხისა და ოქროს კომპასის მფლობელი. 1999 წელს, ლას ვეგასში გამართული დაჯილდოებისას, ჯორჯეტო ჯუჯაროს მიენიჭა ავტომობილების საუკუნის დიზაინერის წოდება.
2002 წელს იგი შეყვანილი იქნა საავტომობილო დიდების დარბაზში.
2004 წელს კულტურისა და ხელოვნების დარგში შეტანილი წვლილისთვის, ჯორჯეტო ჯუჯაროს გადაეცა იტალიის რესპუბლიკის ოქროს მედალი. გარდა ამისა, ჯუჯარომ შეიმუშავა ფოტოაპარატ Nikon-ის კორპუსების დიზაინი, კომპანია Apple-ის კომპიუტერული პროტოტიპები და კალმის Marille-ის ახალი ფორმა.
ამჟამად, კომპანია ორი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს თავის საქმიანობას, ესენია: Giugiaro Design და Transport Design. დაარსების დღიდან, კომპანია მონაწილეობს მრავალი ავტომობილის დიზაინსა და ასევე, “სუპერქარების” ფართო სპექტრის შექმნაში.
იტალიელი სტუმარი სტუ-ს თავისი კომპანიის საქმიანობას გააცნობს. |
|