|
15-03-2012, 16:02
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა ფაბრიციო ჯუჯარომ გააკეთა პროექტის -“მწვანე ბათუმი - 2020” პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი, ცნობილი იტალიელი ექსპერტი და სამრეწველო დიზაინერი, დოქტორი ჯანკარლო პერინი, “იტალდიზაინის” წარმომადგენლები - ჯუზეპე ფრანკო ბუსნელი, ალბერტო ფუმაგალი, გოფრედო ბადუინი და სხვა საპატიო სტუმრები.
ღონისძიების დაწყებამდე კი პროექტ “მწვანე ბათუმსა” და საერთაშორისო დიზაინის სკოლის გახსნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენცია გამართეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა, იტალიელმა დიზაინერმა ფაბრიციო ჯუჯარომ, იტალიელმა სამრეწველო დიზაინერმა, “იტალდიზაინის” ერთ-ერთმა დამაარსებელმა, საავტომობილო დიდების დარბაზის წევრმა ჯორჯეტო ჯუჯარომ, ცნობილმა იტალიელმა ექსპერტმა და სამრეწველო დიზაინერმა, დოქტორმა ჯანკარლო პერინიმ.
უშუალოდ პრეზენტაციის წინ სიტყვით გამოვიდნენ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, რომელმაც საზოგადოებას ფაბრიციო ჯუჯარო წარუდგინა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, რომლებმაც ახალი პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
“მწვანე ბათუმი 2020”-ის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ფაბრიციო ჯუჯაროს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის (ჰონორის კაუზა) წოდება მიენიჭა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტომობილის არქიტექტურაში, ტექნიკასა და ტექნოლოგიებში და ინოვაციურ ჰიბრიდულ-ელექტრულ სატრანსპორტო საშუალებების განვითარებაში გამორჩეული მიღწევებისთვის, დიზაინსა და არქიტექტურაში საერთაშორისო ტენდენციების განვითარებასა და კულტურისა და მეცნიერების აღმავლობისთვის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო დიზაინის სკოლის ხელშეწყობისთვის, დოქტორ ფაბრიციო ჯუჯაროს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ჯილდო ჯუჯაროს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა. დიზაინერს გადაეცა შესაბამისი დიპლომი, ასევე, ქართული ეროვნული სამოსის ატრიბუტი - ყაბალახი და სტუ-ის სიმბოლიკის ერთ-ერთი ატრიბუტი, ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი, ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნის II ნახევრით დათარიღებული, ქართული საინჟინრო აზროვნების - მხატვრული სამსხმელო წარმოების ნიმუშის, ბრინჯაოს არწივის მინიატურული ვერცხლის ასლი გადასცა.
ფაბრიციო ჯუჯაროს 47 წლის ასაკში აქვს 30-წლიანი გამოცდილება პროექტის მენეჯმენტში, თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ უდიდეს კორპორაციებთან, მათ შორისაა GM, Toyota, Hyundai, Volkswagen, Fiat, BMW, Boeing, Samsonite, Nikon, Trenitalia (მაღალი სიჩქარის მატარებლები), ATR, Vredestein, Kawasaki და მრავალი სხვა. ჯუჯაროს მიერ განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია მისი მანქანის მოდელები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში წარმოდგენილია საერთაშორისო ავტოშოუებზე. მამა-შვილის, ჯორჯეტო და ფაბრიციო ჯუჯაროების ინიციატივით, 2003 წელს შეიქმნა კომპანია Giugiaro Architettura, რომელიც გულისხმობს არქიტექტურის ტრადიციული კონცეფციის გაფართოებას. ფაბრიციო ჯუჯაროს ბოლოდროინდელი არქიტექტურული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია იუვენტუსის ახალი სტადიონი, ტურინის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი და კოპენჰაგენის მეტრო.
გარდა პროექტ “მწვანე ბათუმისა”, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწვლებლების შეკითხვები შეეხო დიზაინის საერთაშორისო სკოლას. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და იტალიელმა სტუმრებმა განაცხადეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ამოქმედდება დიზაინის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ერთადერთი იქნება კავკასიის რეგიონში და ნიჭიერ ახალგაზრდებს სხვადასხვა მიმართულების დიზაინერებად მოამზადებს.
სკოლას პატრონაჟს მსოფლიოში ყველაზე მაღალი დონისა და პოპულარული მარკის ავტომობილების დიზაინერი ჯორჯეტო ჯუჯარო გაუწევს. სასწავლებელში ლექციებს შესაბამისი სფეროს წარმატებულ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ჯუჯაროს სკოლის წარმომადგენლებიც წაუკითხავენ.
21-ე საუკუნის მოთხოვნებზე მორგებული ახალი სკოლა განახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს დიზაინის შემდეგ მიმართულებებზე - პროდუქტებისა და სამრეწველო დიზაინი, კომუნიკაცია, რეკლამა, ავეჯისა და ინტერიერის დიზაინი, სატრანსპორტო დიზაინი, გრაფიკული და დეკორაციული დიზაინი.
სწორედ ჯუჯაროს შექმნილია ორმოცდაათზე მეტი ავტომობილის მოდელის დიზაინი, მათ შორის ისეთი მანქანების, როგორიცაა "ფერარი" და "ლამბორჯინი". დიზაინერი სხვა სფეროებშიც მონაწილეობს. მას ეკუთნის "Nikon"-ის ფოპტოაპარატების, "Apple"-ის კომპიუტერების პროტოტიპები და და კალმის ”Marille” -ის დიზაინიც.
როგორც იტალიელმა სტუმრებმა განაცხადეს, ახალი სკოლა იქნება კარგი შანსი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, რათა მათ შეძლონ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება და ჩამოყალიბდნენ მაღალი რანგის პროფესიონალებად. აღნიშნული სკოლის მიზანია, სტუდენტებს განუვითაროს როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი და ვიზუალური კომუნიკაციური უნარები, რაც მათ დაეხმარებათ მომავალ კოლეგებთან, პარტნიორებთან, კლიენტებთან, საჯარო და კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობისას. სასწავლო პროგრამები სწორედ ამგვარ მოთხოვნებზე იქნება მორგებული.
დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ლექციებს საერთაშორისო გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლები და ცნობილი დიზაინერები წაიკითხავენ. აღნიშნული ინიციატივა საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების მოწვევა და მრეწველობისა და ბიზნესის წრეებთან თანამშრომლობის განვითარება.
აღსანიშნავია დღევანდელი ღონისძიების აღმოჩენა - თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე დავით მამაგულაშვილი, რომელმაც იტალიელ სტუმრებს თავისი ნამუშევრები წარუდგინა. ჯორჯეტო ჯუჯარომ, ფაბრიციო ჯუჯარომ და ჯანკარლო პერინიმ ქართველი მოსწავლის დიზაინერული ნამუშევრები მოიწონეს, სამახსოვრო წარწერები გაუკეთეს და მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. |
|