საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას სრული რესტავრაცია და განახლება ჩაუტარდა. განახლებული ბიბლიოთეკის გახსნას დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მინისტრის მოადგილეები - კოკა სეფერთელაძე და ნოდარ სურგულაძე და სხვა პირები დაესწრნენ.
ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მოეწყო თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამუშაო ოთახები და სპეცსაცავები.
ფოიეში, სპეციალიზებულ (საბიბლიოთეკო) კარადებში, საგამოფენო სტენდებზე, განთავსებულია XVIII, XIX და XX საუკუნეების უნიკალური გამოცემები, მათ შორის, უიშვიათესი ეგზემპლარები, რომელთა ანალოგი არც ერთ ბიბლიოთეკაში არ მოიპოვება. საბიბლიოთეკო ერთეულები წარმოდგენილია ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ლათინურ, ბერძნულ და რუსულ ენებზე.
ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ოთხი დარბაზია:
1. ტექნიკურ მეცნიერებათა დარბაზი, რომელიც, სურვილისა და აუცილებლობის შემთხვევაში, საკონფერენციო დარბაზის ფუნქციებსაც ითავსებს, 100-150 პერსონაზეა გათვალისწინებული. დარბაზი სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკითა და უკაბელო ინტერნეტით. მასში განთავსებულია ცნობილი ამერიკული გამოცემის, “Nova”-ს ტექნიკური დარგის ლიტერატურა, რომლის მოპოვებაც საპატრიარქოს თანადგომითა და დახმარებით გახდა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ “Nova” გამოსცემს “სამხრეთ კავკასიურ სამეცნიერო ჟურნალს”, სადაც იბეჭდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ მომზადებული სტატიები და სამეცნიერო ნაშრომები. დარბაზში დაშვება თავისუფალია;
2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარბაზში შესაძლებელია კომპიუტერული ტექნიკითა და უკაბელო ინტერნეტის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დარბაზი მთლიანად XX საუკუნის დასაწყისში სპეციალურად ბიბლიოთეკისთვის შექმნილი ავეჯითაა გაწყობილი. წიგნების დიდი რაოდენობა დარბაზში განკუთვნილია ჰუმანიტარული სპეციალობისთვის. აქვეა დაცული მხატვრული ლიტერატურის წიგნადი ფონდი. დარბაზში დაშვება თავისუფალია.
3. წიგნების ელექტრონულ ვერსიათა დარბაზში განთავსებულია ინტერნეტში ჩართული 100 კომპიუტერი. აქვე დაცულია ლიტერატურა, რომელიც შეესაბამება ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სპეციალობას, ასევე, მათი ელექტრონული ვერსიები. დაშვება სპეციალურ ფონდთან თავისუფალია.
4. პრესის დარბაზი აღჭურვილია 12 პერსონალური კომპიუტერით და რამდენიმე ათეული დასახელების ადგილობრივი და უცხოური სამეცნიერო პერიოდული გამოცემით.
ბიბლიოთეკის კომპიუტერული ცენტრის საშუალებით ხელმისაწვდომია ქვეყნის მსხვილ ბიბლიოთეკებთან შეღწევადობა სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად. ასევე, ონლაინხაზებით ნებისმიერ მკითხველს შეუძლია ინგლისისა და ამერიკის ცნობილ საბიბლიოთეკო საცავებში არსებული სასურველი ინფორმაციის მოპოვება და მიღება.
ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი უნიკალურია და მოიცავს როგორც სასწავლო, აგრეთვე, სამეცნიერო და მხატვრულ ერთეულებს, რომელთა რაოდენობა 1721906-ია, მათ შორის 500 000 ეგზემპლარი პერიოდული გამოცემაა.