|
1-12-2009, 01:30
80 წლის წლის ასაკში ბელგრადში იუგოსლავიელი (სერბი) პოეტი, მწერალი, პოსტმოდერნიზმისა და ე. წ. მაგიური რეალიზმის წარმომადგენელი, მთრგმნელი, XVII-XIX საუკუნეების სერბული ლიტერატურის ისტორიკოსი, სერბული ბაროკოსა და სიმბოლიზმის სპეციალისტი მილორად პავიჩი მიოკარდიუმის ინფარქტით გარდაიცვალა. პავიჩი 1929 წლის 15 ოქტომბერს ბელგრადში დაიბადა. მისი ბავშვობა ნაცისტური ოკუპაციის პერიოდს დაემთხვა. 1949-1953 წლებში ბელგრადის უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა. შემდეგ მიიღო დოქტორის ხარისხი ფილოსოფიასა და ლიტერატურის ისტორიაში. გარკვეულ ხანს პავიჩი სხვადასხვა უნივერსიტეტში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. მუშაობდა სორბონაში, ვენის, ფრაიბურგის, რეგენსბურგისა და ბელგრადის უნივერსიტეტებში. პირველი პოეტური კრებული, “პალიმფსესტები”, 1967 წელს გამოსცა. გარდა ამისა, პავიჩი იბეჭდებოდა გაზეთებში, წერდა კრიტიკულ წერილებს, მონოგრაფიებს ძველი სერბული ლიტერატურის ისტორიისა და სიმბოლიზმის შესახებ, თარგმნიდა ლექსებს ევროპული ენებიდან. პავიჩს პოპულარობა რომანმა “ხაზართა ლექსიკონმა” (1984 წ.) მოუტანა. ეს წიგნი გამოსვლისთანავე “ბესტსელერად” იქცა. პავიჩის ნაწარმოებები უამრავ ენაზე ითარგმნა. 1991 წელს პავიჩი სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის წევრი გახდა. 2004 წელს იგი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. პავიჩი, მშობლიურის გარდა, ფლობდა რუსულ, გერმანულ, ფრანგულ ენებს, ასევე რამდენიმე ძველ ენას. სერბულ ენაზე თარგმნა პუშკინი და ბაირონი. იგი იყო Européenne de Culture -ისა და სერბეთის “პენ-კლუბის” წევრი. |
|