|
26-02-2012, 02:48
დღეს, 26 თებერვალს, შენდობის დღე აღინიშნება.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, დღეს საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას პატიობს.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შენდობის წესს სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს, თუმცა იქამდე ჩვეულებრივ, საღმრთო ლიტურგიას ჩაატარებს. შენდობის წესის დროს კათალიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას. უწმინდესის მიერ შენდობის წესის შესრულებას საქართველოს ყველა ეპისკოპოსი დაესწრება.
ბიბლიის მიხედვით, პირველქმინილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის უქონლობა გახდა. ამიტომ ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.
წელს დიდმარხვა 27 თებერვლიდან იწყება და 15 აპრილს, უფლის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება. |
|