საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ახლად რეაბილიტირებულ ბიბლიოთეკაში, უცხოეთიდან მოწვეულ პროფესორებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე, სტუ-ის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლალი ღოღელიანი, სტუ-ის ბიბლიოთეკის დირექტორი ვაჟა პაპასკირი და სხვა პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტებს. სტუ-ის წარმომადგენლებმა უცხოელ სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია სასწავლებლის ახალი სტატუსის შესახებ. აუხსნეს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად გადაკეთდა და ამის შედეგად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მეტი ფინანსური და ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა ენიჭება. აღინიშნა, რომ არაკომერციულ იურიდიულ პირებს სამეწარმეო საქმიანობის უფლება ეძლევათ, თუმცა მოგებული თანხა მხოლოდ სასწავლებელს უნდა მოხმარდეს.
მხარეებმა ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის შესახებ. ისაუბრეს პროექტებზე, რომლებიც სტუ-სა და უცხოეთის უნივერსიტეტებს შორის უნდა განხორციელდეს.
სტუ-ის წარმომადგენლებმა მოწვეულ პროფესორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს. სტუმრებმა, თავის მხრივ, აღნიშნეს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინტერესო აუდიტორიასთან მოუხდათ შეხვედრა, ხაზი გაუსვეს სტუ-ში მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას მადლობა გადაიხადეს კარგი მასპინძლობისთვის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის უცხოეთის უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები ლექციებს კითხულობენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვოუტერ ტენ ჰააფი, რომელმაც ტელეკომუნიკაციის, ინფორმატიკის და ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის წაიკითხა ლექციების კურსი, თემებზე: ინოვაციური პროცესი - ახალი ნაწარმის შექმნის საფუძველი; ახალი ნაწარმის პროექტირება მომხმარებლის მოლოდინების და საწარმოო შესაძლებლობების გათვალისწინებით; საწარმოო პროცესის პროექტირება ახალი ნაწარმის სპეციფიკის გათვალისწინებით; ახალი ნაწარმის ხარისხის უზრუნველყოფა; ათვისების მრუდი - ნაწარმის და პროცესების სრულყოფის შედეგი.
ამავე პროექტის ფარგლებში, სტუ-ს სტუმრობს კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის (UCLA) პროფესორი რევაზ ჯანიძე, რომელიც ინფორმატიკისა და ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ატარებს ლექციათა ციკლს: 7 მარტს მან წაიკითხა ლექცია თემებზე: სიგნალის მოდულაცია; გადაცემის ხაზის მახასიათებლები; ქსელური ურთიერთკავშირები, Physical Layer დონე; 9 მარტს ჯანიძემ წაიკითხა ლექცია თემაზე: Data Link Layer დონე; MAC ქვედონის პროტოკოლები, LAN ლოკალური ქსელები, LAN პროტოკოლი; 13 მარტს წაიკითხავს ლექციას თემაზე - უსადენო კავშირის არხი; MAC პროტოკოლი უსადენო ლოკალურ ქსელებში Wireless 802.11b LANs ;Bluetooth კავშირები; 14 მარტს - უსადენო WAN, ფიჭური ტელეფონია (Wireless WAN, Cellular Telephony); ZigBee კავშირები (ZigBee Communications, IEEE 802.15.4); გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემა GPS (The Global Positioning System). ლექციები ტარდება 14:00 საათზე, სტუ-ის VI კორპუსში, 306-ა აუდიტორიაში.