|
19-06-2012, 16:02
ერთიან ეროვნულ გამოცდებში დარეგისტრირებულთა საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათი განცხადებით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები საგამოცდო ბარათებს უშუალოდ სკოლებში მიიღებენ, სკოლადამთავრებული აბიტურიენტები და პედაგოგები კი საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. მაგისტრანტობის კანდიდატებსა და გრანტის გაუმჯობესების მსურველებს კი საგამოცდო ბარათები იმ უმაღლეს დაწესებულებებში დაურიგდებათ სადაც ამჟამად სწავლობენ.
ბარათზე მითითებულია საგამოცდო ცენტრი, თითოეული გამოცდის თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო. იგი პირადობის მოწმობასთან ერთად იქნება აბიტურიენტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ბარათში აღნიშნულ მისამართზე ბარათში მითითებული განრიგის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ აბიტურიენტს მიაცილებენ სამუშაო მაგიდასთან, სადაც იგი მიიღებს ტესტს. დაგვიანების შემთხვევაში აბიტურიებტი გამოცდაზე არ დაიშვება.
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
აღსანიშნავია, რომ უკვე დაწყებულია ატესტატების გაცემაც.
იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების გაცემა დაიწყო. სკოლის კურსდამთავრებულმა ატესტატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს დოკუმენტი უფასოდ გაიცემა, მოქმედებს დაჩქარებული მომსახურების სერვისიც და ატესტატის მიღება შესაძლებელია განცხადების წარდგენის დღიდან მე–5, მე–3, მე–2 და იმავე სამუშაო დღესაც.
რუსთავის იუსტიციის სახლში დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ რუსთავის №4 საჯარო სკოლის რამდენიმე კურსდამთავრებულს ატესტატები პირადად გადასცეს.
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტს განეკუთვნება სრული ზოგადი განათლების ატესტატი, საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი: სრული ზოგადი განათლების ატესტატს მიიღებს პირი, რომელიც 12 კლასს დაამთავრებს და გამოსაშვებ გამოცდებს ჩააბარებს; საბაზო ზოგადი განათლების ატესტატს იღებს პირი, რომელიც 9 კლასს დაამთავრებს; ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატს მიიღებს პირი, რომელიც 12 კლასს დაამთავრებს, მაგრამ ვერ ჩააბარებს ან, მონაწილეობას არ მიიღებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში.
იუსტიციის სახლები და სააგენტოები ატესტატებისა და სერტიფიკატების გაცემას მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე უზრუნველყოფენ. მონაცემთა ელექტრონულ ბაზას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საინფორმაციო სისტემა შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე ადგენს.
იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მოხდება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების დუბლიკატების გაცემაც. mes.gov.ge |
|