|
28-06-2012, 00:01
საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესი დაამტკიცა. მიხეილ სააკაშვილის №507 ბრძანებულებაში, რომელიც 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, აღნიშნულია, რომ სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით ფასდაკლების პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია საქონლის მოწოდების/მომსახურების გაწევის შემდეგ სფეროებში:
ა) წიგნის, ჟურნალ-გაზეთისა და საკანცელარიო საქონლის მიწოდება; ბ) თეატრის, კინოთეატრისა და მუზეუმის მიერ გაწეული მომსახურება; გ) მუნიციპალური ტრანსპორტით გაწეული მომსახურება; დ) კულტურულ ღონისძიებაზე დასწრების დაშვება; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურება; ვ) შპს „საქართველოს რკინიგზის" მიერ გაწეული მომსახურება; ზ) მობილური ოპერატორით გაწეული მომსახურება; თ) პირველადი საყოფაცხოვრებო საქონლის მიწოდება.
პრეზიდენტის ბრძანებულებაში აღნიშნულია ისიც, რომ სტუდენტებისთვის სხვა სახის საქონლის მიწოდებისათვის/მომსახურების გაწევისათვის ფასდაკლების გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახური.
ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმულ პირს უფლება აქვს ფასდაკლების პროგრამა არ გაავრცელოს სტუდენტის მიერ ერთჯერადად 2 000 ლარზე მეტი ჯამური ღირებულების (ფასდაკლების გათვალისწინებით) საქონლის/მომსახურების შეძენისას.
ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმული პირი, რომელსაც აღარ სურს ფასდაკლების პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელება, შესაბამისი განცხადებით მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული პირის რეესტრიდან ამოღებას და შესაბამისი ცვლილების განთავსებას ოფიციალურ ვებგვერდზე. |
|