|
4-02-2010, 13:59
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. საჯარო რეესტრმა კიდევ ერთი ახალი, გამარტივებულ მომსახურება შესთავაზა მეწარმეებს. ამიერიდან სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიღება ინტერნეტის მეშვეობით არის შესაძლებელი. სააგენტოს ვებგვერდზე მეწარმეებსა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს შეუძლიათ გამარტივებული წესით, ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტით მიიღონ ამონაწერი მეწარმეთა და სამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან. ამონაწერში ასახულია კომპანიის დასახელება, იურიდიული მისამართი, მისი ოფიციალური წარმომადგენლები, უფლებამოსილი პირები, პარტნიორები და მათი წილობრივი მონაცემები, ინფორმაცია ორგანიზაციის ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის მიმდინარეობის შესახებ, ასევე კომპანიის ქონებასა და პარტნიორთა წილებზე ყადაღისა და აკრძალვების, საგადსახადო გირავნობა-იპოთეკისა და გირავნობების შესახებ. სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს, სრულიად უფასოდ, სააგენტოს ვებგვერზე მარტივად მოიძიოს არა მხოლოდ ბოლო ინფორმაცია კომპანიის შესახებ, არამედ ყველა ტრანზაქცია ანუ სრული ისტორია, ასევე შეუძლია გაეცნოს სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებს, განცხადებებსა და სხვა მონაცემებს. სააგენტოს ვებგვერდზე შესაძლებელია ასევე განაცხადის შევსება და მისი ელექტრონულად წარდგენა საჯარო რეესტრში. კანონით განსაზღვრულ ვადაში მომზადებულ დოკუმენტს დაინტერესებული პირი ასევე ელექტრონულად, ინტერნეტის მეშვეობით მიიღებს. ელექტრონულად მიღებულ ამონაწერს აქვს იურიდიული ძალა და ამ სახით გამოიყენება ნებისმიერი ადმინისტრაციული და კერძო უწყების მიერ. ამონაწერის განახლებით კომპანიის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად აისახება საჯარო რეესტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. მომსახურების საფასურის გადახდაც ვებგადახდის სისტემით, საბანკო პლასტიკური ბარათით არის შესაძლებელი. სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული პროგრამა ონლაინრეჟიმში მუშაობს და შესაბამისად, მასში განთავსებული ინფორმაცია მუდმივად განახლებადია. სიახლეა ისიც, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირება და ინფორმაციის მიღება სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების გარდა სახალხო ბანკის ნებისმიერ ფილიალსა და სერვისცენტრში შეუძლიათ. 2010 წლის 1-ლი იანვრიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრს, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციის ნაცვლად, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. საკანონმდებლო ცვლილებები ‘'საჯარო რეესტრის შესახებ" და “მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში, სამოქალაქო კოდექსსა და მომიჯნავე საკანონმდებლო აქტებში შევიდა. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად: მოიხსნა ტერიტორიული შეზღუდვა. განცხადების წარდგენა და დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია საჯარო რეესტრის 68 ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში; ამოქმედდა მომსახურების ახალი ვადები და საფასური _ რეესტრიდან ამონაწერის მომზადების საფასური 1 სამუშაო დღის ვადაში შეადგენს 15 ლარს. კანონის ამოქმედებამდე სარეგისტრაციო მომსახურების საფასური 360 ლარამდე მერყეობდა, 1-ლი იანვრიდან ეს გადასახადი შეადგენს 100 ლარს (მომსახურების მიღება განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღეში). ასევე ამოქმედდა დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურება (ანუ რეგისტრაცია განცხადების წარდგენისთანავე და მისი ღირებულება შეადგენს 200 ლარს). შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებში აღდგა პარტნიორთა წილების რეგისტრაცია, რაც აისახება სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერში და უზრუნველყოფს შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებში წილების მიმოქცევის გამჭვირვალობას. |
|