|
19-09-2012, 19:55
ლიტერატურულ კონკურს "გალას” ნომინანტები დაასახელეს. ჟიურის წევრმა, მთარგმნელმა ნინო ქაჯაიამ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ კონკურსზე საკუთარი პროდუქცია ოცმა გამომცემლობამ და ასევე ეროვნულმა კინოცენტრმა ერთობლივად წარმოადგინეს. შესული 183 წიგნიდან და 20 კინოსცენარიდან ხუთკაციანმა ჟიურიმ 23 ნომინანტი დაასახელა.
ქაჯაიას თქმით, წელს საპრემიო ფონდში სიახლეა და ბრინჯაოს ხანის კოლხური ცულის ასლთან ერთად გამარჯვებულებს 4 000 ლარის ნაცვლად 5000 ლარი გადაეცემათ.
ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოებისათვის 5 ოქტომბერს, ლიტერატურული კონკურსის "გალა” დაჯილდოების ცერემონიალზე გახდება ცნობილი.
7 ნომინაციაში ნომინირებულები არიან:
სამაგიდო წიგნი
1. დავით ხოშტარია _ “თბილისის ძველი სასტუმროები” (“არტანუჯი”) 2. ბესიკ ხარანაული – "ლექსები, პოემები” (“ინტელექტი”) 3. ჯონ ბედლი _ “რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობა” (“ლიტერა”)
წლის წიგნი
1. გურამ მეგრელიშვილი, "მოდელი 18/12 (“დიოგენე”) 2. სანდრო ნავერიანი _ “არგენტინული პიტბული” (“სიესტა”) 3. კატო ჯავახიშვილი _ “ჭუპრი” (“საუნჯე”) 4. ბაადურ ბალარჯიშვილი _ “კიპარისები” (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”)
თარგმნილი წიგნი
1. იოჰან ვოლფგანგ გოეთე _ “ფაუსტი” _ მთარგმნელი დავით წერედიანი (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”) 2. ჯეიმზ ჯოისი _ “ულისე” _ თარგმნეს ნიკო და მაია ყიასაშვილებმა (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”) 3. ორჰან ფამუქი, "სტამბოლი'' _ მთარგმნელი თამარ ალფენიძე (“დიოგენე”) 4. ინგმარ ბერგმანი _ “Laterna Magica” _ მთარგმნელი ლიკა ჩაფიძე (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”)
საბავშვო წიგნი
1. ლელა ცუცქირიძე, "გუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი''(“დიოგენე”) 2. თეა თოფურია, "გასაღვიძებელი ზღაპრები'' (“დიოგენე”) 3. ნატო დავითაშვილი _ “ოთხი მხარე და ოთხი სვეტი” (“ქარჩხაძის გამომცემლობა”)
წიგნის მხატვრობა
1. “ჩემი პირველი იგავ-არაკები სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით” _ მხატვარი მაია ბათუმაშვილი (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”) 2. “ჩემი პირველი ქართული ლექსები. გივი ჭიჭინაძე” _ მხატვარი ნანა მელქაძე (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”) 3. რუდოლფ რასპე _ “ბარონ მინჰაუზენის თავგადასავალი” _ მხატვარი თამარ ბაქრაძე (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”)
წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი
1. "ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი''–/პროექტის ავტორი ზვიად კვარაცხელია/ (ინტელექტი) 2. მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშების თარგმანთა სერია "დიოგენეს ბიბლიოთეკა" (“დიოგენე”) 3. “ქართული სიტყვიერება (ათტომეული) _ პროექტის ხელმძღვანელი ზაზა აბზიანიძე _ (“საქპრესა”)
წლის კინოსცენარი
1. მარიამ ხაჭვანი _ “დედე” 2. ნიკოლოზ ქარცივაძე _ “Golden Parachute” (“ოქროს პარაშუტი”) 3. თეონა მღვდელაძე-გრენადე, დავით ჩუბინიშვილი _ “ძმა”
ლიტერატურული კონკურსი "გალა” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის ინიცატივით და მერიის მხარდაჭერით, უკვე მეექვსე წელია იმართება და "თბილისობის” დღესასწაულის ინტელექტუალურ ნაწილად იქცა. კონკურსის მიზანი მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია და მწერლების ერთგვარი წახალისებაა. გამომცემლობებისგან შერჩეული წიგნებიდან გამარჯვებულების გამოსავლენად 5-კაციანი ჟიური მუშაობს, რომლის შემადგენლობაში მთარგმნელი ნინო ქაჯაია, მხატვარი დიმიტრი ერისთავი, მწერლები: ზურაბ სამადაშვილი, მამუკა ხერხეულიძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი არიან.
დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 5 ოქტომბერს გაიმართება.
sakrebulo.ge |
|