|
31-10-2012, 00:54
5 ნოემბერს, 15:00 სთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის სააქტო დარბაზში გაიმართება ტრენინგი „ტემპუსის საგრანტო განაცხადის მომზადების“ შესახებ. ტრენინგს ტემპუსის ეროვნული ოფისი გამართავს.
მიეძღვნება შემდეგ საკითხებს: საგრანტო კონკურსის პირობები, საქართველოს ეროვნული და რეგიონული პრიორიტეტები, როგორ მოვიძიოთ პარტნიორები, როგორ შევქმნათ კონსორციუმი, როგორ შევავსოთ აპლიკაცია, როგორ გავწეროთ ბიუჯეტი, რა საბუთებია საჭირო.
ტრენინგის სამიზნე ჯგუფი: ტემპუსის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველები. ტრენინგის ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 2,5 საათი.
ტემპუსი ევროკავშირის ქვეყნებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის პროგრამაა, რომელიც 1990 წელს ამოქმედდა. ტემპუსის პროგრამით დაფინანსების მიღება შეუძლიათ ბალკანეთის ქვეყნებს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს; ახლა ამ პროგრამით სარგებლობა ევროკავშირის ხმელთაშუაზღვისპირელ პარტნიორებსაც შეუძლიათ (მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ეგვიპტე, პალესტინის ავტონომია, იორდანია, სირია, ლიბანი) ტემპუსის პროგრამა ხელს უწყობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებში მოქმედ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განვითარებას „კონსორციუმების“ დაარსების გზით. ეს კონსორციუმები ახორციელებენ „ერთობლივ ევროპულ პროექტებს“, რომლებიც შესაძლოა 2-3 წელი გაგრძელდეს. ტემპუსი ასევე გასცემს ინდივიდუალურ გრანტებს იმ პირებისათვის, რომლებიც უმაღლესი განათლების დარგში მუშაობენ. |
|