საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის სააქტო დარბაზში ჩატარდა ტრენინგი “ტემპუსის საგრანტო განაცხადის მომზადების“ შესახებ. ტრენინგი ტემპუსის ეროვნულმა ოფისმა გამართა.
ტრენინგს უძღვებოდა ტემპუსის (ევროკავშირისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის პროგრამა) პროგრამის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი. შეხვედრა მიეძღვნა შემდეგ საკითხებს: საგრანტო კონკურსის პირობები, საქართველოს ეროვნული და რეგიონული პრიორიტეტები, როგორ მოვიძიოთ პარტნიორები, როგორ შევქმნათ კონსორციუმი, როგორ შევავსოთ აპლიკაცია, როგორ გავწეროთ ბიუჯეტი, რა საბუთებია საჭირო.
ტრენინგის სამიზნე ჯგუფი: ტემპუსის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველები.
როგორც ლიკა ღლონტმა აღნიშნა, არსებული ფორმით ტემპუსისი საგრანტო კონკურსი წელს ბოლოჯერ ცხადდება. მომავალი წლიდან სხვადასხვა პროექტი გაერთიანდება საერთო ქოლგის ქვეშ, რომლის სახელწოდებაც იქნება "ერაზმუს ფორ ოლ". ამასთან, ძირითადი პრიენტაცია მიმართული იქნება გაცვლით პროგრამებზე. კონკურსი ცხადდება ნოემბრის პირველივე კვირაში, დედლაინი კი 2013 წლის მარტამდეა.
ტემპუსი ევროკავშირის ქვეყნებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის პროგრამაა, რომელიც 1990 წელს ამოქმედდა. ევროკავშირის საუნივერსიტეტო თანამშრომლობის პროგრამა Tempus-ი საშუალებას აძლევს ქართულ უნივერსიტეტებს, ევროპელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშაონ ახალი საგანმანათლებლო პროგრამები და განახორციელონ უმაღლესი განათლების რეფორმა, ბოლონიის პრინციპების შესაბამისად.