11 ნოემბერს საქართველოს ტენიკურ უნივერსიტეტში ტემპუსის ეროვნული ოფისის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა Tempus InfoDay.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე მეცნიერების დარგში, ნოდარ სურგულაძე.
ტემპუსი ევროკავშირის ქვეყნებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის პროგრამაა, რომელიც 1990 წელს ამოქმედდა. ამის შემდეგ პროგრამა სამჯერ განახლდა. მესამედ განახლებული ტემპუსის პროგრამა 2000-2006 წლებს მოიცავს. ტემპუსის პროგრამით დაფინანსების მიღება შეუძლიათ ბალკანეთის ქვეყნებს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს; ამჟამად ამ პროგრამით სარგებლობა ევროკავშირის ხმელთაშუაზღვისპირელ პარტნიორებსაც შეუძლიათ (მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ეგვიპტე, პალესტინის ავტონომია, იორდანია, სირია, ლიბანი) ტემპუსის პროგრამა ხელს უწყობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებში მოქმედ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განვითარებას „კონსორციუმების“ დაარსების გზით. ეს კონსორციუმები ახორციელებენ „ერთობლივ ევროპულ პროექტებს“, რომლებიც შესაძლოა 2-3 წელიწადს გაგრძელდეს. ტემპუსი ასევე გასცემს ინდივიდუალურ გრანტებს იმ პირებისთვის, რომლებიც უმაღლესი განათლების დარგში მუშაობენ.