|
12-11-2012, 23:49
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის წინ გამართულ აქციასთან და ახალგაზრდების რამდენიმეკაციანი ჯგუფის მოთხოვნებთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს. "რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს ის დაპირისპირება, რომელიც არის სტუდენტებს შორის. ეს არასოდეს არ ახასიათებდა ტექნიკურ უნივერსიტეტს. ამ გარკვეული ჯგუფის სტუდენტების მოთხოვნაა, რომ ჩავერიო სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში და დავნიშნო ვადამდელი არჩევნები. ეს შეუძლებელია, რადგან კანონი არ მაძლევს ამის უფლებას და, რა თქმა უნდა, არ დავარღვევ ამ კანონს. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტებისთვის თვითმმართველობები კანონით სავალდებულო სტრუქტურები არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, მათ ნაცვლად, უნდა არსებობდეს სტუდენტური კლუბები.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე მხოლოდ შემიძლია ვურჩიო, ჩატარდეს სტუდენტური რეფერენდუმი იმის თაობაზე - გაიმართოს თუ არა თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნები", - აცხადებს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.
მისი განცხადებით, ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები დაახლოებით ერთი წელია, სვამენ ერთსა და იმავე კითხვებს და არ აინტერესებთ პასუხი, "აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათი ამოცანაა დესტაბილიზაციის გამოწვევა უნივერსიტეტში".
"ყველა ბრალდება სრული სიცრუეა. მოდით, განვიხილოთ პუნქტობრივად: ბრალდება ელიტა ბურჯთან დაკავშირებით, არის ტყუილი. არსებობს ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი (9 ნოემბრით დათარიღებული. ელიტა ბურჯის გენერალური დირექტორის მიერ მოწერილი წერილი, სადაც სრულად ადასტურებს, რომ მეორე მხარე ცრუობს), რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ", - განუცხადა რექტორმა ჟურნალისტებს.
რექტორი აცხადებს, რომ ტყუილია, თითქოს სტუ-ის ბიბლიოთეკის განახლებაში 40 მილიონი ლარი დაიხარჯა. სინამდვილეში, დაიხარჯა 191 000 ლარი. არც ისაა სიმართლე, თითქოს ბიბლიოთეკაში არ არის წიგნები. "გვაქვს სასწავლო პროგრამების შესაბამისი 2 მილიონზე მეტი წიგნი".
"რაც შეეხება გათბობას: გამთბარია ყველა კორპუსი, დარჩა მხოლოდ პირველი კორპუსის მცირე ნაწილი, რომელიც შარშან ელექტროგამათბობლებით თბებოდა. ახლა მიმდინარეობს ტენდერი, რომ ჩატარდეს სამუშაოები დარჩენილ ნაწილშიც. ზოგადად, ეს არის ურთულესი კორპუსი, დაგეგმარების თვალსაზრისით", - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.
რაც შეეხება განვითარების პრიორიტეტებს, რექტორის თქმით, სტუ-ის განვითარების პრიორიტეტები ნათლადაა ჩამოყალიბებული უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმაში, რომელიც ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული (www.gtu.ge) და დამტკიცებულია აკადემიური საბჭოს მიერ.
"ბრალდება ინფრასტრუქტურის არარსებობასთან დაკავშირებით, არის სიცრუე. საკმარისია, აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ სტუ-მ გაიარა ავტორიზაცია 2012 წლის აგვისტოში, სადაც ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა არის სწორედ სათანადო ინფრასტრუქტურის არსებობა და ინფორმაციის შესაბამისობა სასწავლო პროცესსა და სტუდენტთა რაოდენობასთან. თუ ინფრასტრუქტურაში გულისხმობენ სასწავლო ლაბორატორიებს, ჩვენ გვაქვს რამდენიმე უნიკალური ლაბორატორია, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ამასთან, ბიუჯეტით გათვალისწინებულია ახალი ლაბორატორიებისა და სასწავლო აუდიტორიების მოწყობა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამას სჭირდება დრო, არაერთი წელი, არა მარტო ჩვენთან, არამედ ჩვენზე გაცილებით დიდ, მილიარდობით ბიუჯეტის მქონე უნივერსიტეტებში", - განაცხადა რექტორმა.
არჩილ ფრანგიშვილის განცხადებით, არც ის შეესაბამება სიმართლეს, თითქოს სამეცნიერო მიმართულებით 10 000 ლარია გამოყოფილი. ამ კუთხით უნივერსიტეტში წელიწადში იხარჯება 4 მილიონამდე. "ჩვენი დამკვეთები არიან მსოფლიოში ცნობილი კვლევითი ცენტრები და კორპორაციები. საკმარისია, დავასახელოთ, რომ ჩვენ ვასრულებთ CERN-ისა და იულიხის ბირთვული ცენტრის დაკვეთებს, ჩვენი სტუდენტები მუშაობენ ამ ცენტრებში. ამ რამდენიმე თვის წინ იულიხის ბირთვულმა ცენტრმა 6 სტუდენტი წაიყვანა. ამას გარდა, წამყვან უნივერსიტეტებთან გვაქვს დადებული ხელშეკრულებები ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ტექნიკური უნივერსიტეტი აფინანსებს სტუდენტებს საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად".
"შემდეგი თემა ჩემი კაბინეტიდან სტუდენტების გატაცებაა. ესეც სიცრუეა. არსებობს ლეგალური ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს ჩემი და სტუდენტების შეხვედრას, რომლის შემდეგაც ახალგაზრდები ჩემი კაბინეტიდან მშვიდობიანად, მადლობის გადახდით გადიან. ამ მასალას აუცილებლად მივაწვდი პროკურატურას", - განაცხადა რექტორმა.
დაბოლოს, რაც შეეხება ბიუჯეტს: მას ადგენს არა რექტორი, არამედ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. "მინდა გითხრათ, რომ ბიუჯეტი არის შედგენილი სწორად. ამის თაობაზე შემიძლია გესაუბროთ პუნქტობრივად.
ამგვარად, მათ შეცდომაში შეჰყავთ როგორც საზოგადოების, ისე სტუდენტთა ნაწილი".
"რაც შეეხება ბატონი უღრელიძის მიერ ჩემი მისამართით გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ გავრცელა, ამასთან დაკავშირებით, მივმართავ შესაბამის უწყებებს, რათა აღიძრას საქმე პატივისა და ღირსების შელახვისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ, 20-მდე ახალგაზრდის მონაწილეობით, აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები იყვნენ "მოძრაობა სოლიდარობის" ლიდერი ივანე მეფარიშვილი და "დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე. აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციული კორპუსის წინ კარვები გაშალეს. მათი მოთხოვნებია: 1. გადადგეს უნივერსიტეტის რექტორი; 2. დაინიშნოს თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნები; 3. გადაიხედოს სტუ-ის ბიუჯეტი. |
|