დღეს, 10 მარტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართა პროექტში - "1000 დატრენინგებული სტუდენტი სტუ-ში" - მონაწილე სტუდენტების დაჯილდოება. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი. დღეს საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი დარბაზი, რომლის რეაბილიტაციაც 2010 წლის სექტემბერში დაიწყო და სულ ახლახან დასრულდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის რეაბილიტაცია სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. 700 ადამიანზე გათვლილი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ დარბაზში შესაძლებელია საერთაშორისო სიმპოზიუმების, კონფერენციების, სხვადასხვა პრეზენტაციების მოწყობა, დარბაზში განთავსებულია პარალელური თარგმანის კაბინეტები, დარბაზი ასევე იძლევა შესაძლებლობას მოეწყოს კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები.
დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა მიმართა. არჩილ ფრანგიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი დარბაზის სათანადოდ აღჭურვა და გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარების შედეგია.
სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი კულდონაშვილმა დარბაზს 2010 წლის მუშაობის ანგარიში, 2011 წლის პრიორიტეტები და სტუდენტური გამოკითხვის შედეგები წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ ტრენინგის პარალელურად, სტუდენტებს შორის ჩატარდა გამოკითხვა უნივერსიტეტში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებთან, კონკრეტულად კი სტუდენტთა შეფასებისა და პროფესორ-მასწავლებელთა ლექციაზე დასწრების მონიტორინგის ახალი ელექტრონული სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამ თვეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მიმდინარე სამუშაოც დასრულდება. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამინისტრო არა მარტო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის ხარისხის ამაღლებაზე არამედ, იმ გარემოს გაუმჯობესებაზე და თანამედროვედ აღჭურვაზეც ზრუნავს, სადაც სტუდენტები სწავლობენ.
დარბაზის გახსნასთან და სერთიფიკატების გადაცემასთან დაკავშირებით, მიწვეული იყო ქ. თბილისის მერიის "ბიგ ბენდი", რომელმაც ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა. გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხატვრულ-თვითშემოქმედებითი ანსამბლების კონცერტი.
კონცერტის შემდეგ პროექტ: “1000 დატრენინგებული სტუდენტი სტუ-ში’’ მონაწილე სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცათ.