საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა. სტუდენტებს სწავლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და კომპანია “მაგთიკომის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თათული ღვინიშვილმა მიულოცეს.
მინისტრი მიესალმა სტუდენტებს, სწავლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამყარებს კონტაქტებს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების უნივერსიტეტებთან. “ჩვენ მუდამ თქვენ გვერდით ვართ. თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა”, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
კომპანია “მაგთიკომმა” ტექნიკური უნივერსიტეტის 5 საუკეთესო პირველკურსელი დააჯილდოვა. “მაგთიკომი” თბილისის, ქუთაისის და ბათუმის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით 40 საუკეთესო პირველკურსელს Samsung Galaxy Young-ის მობილური ტელეფონით აჯილდოებს. განურჩევლად ყველა სტუდენტსა და მოსწავლეს კი კომპანია “ბალის” კლუბში იწვევს და საჩუქრად ყოველთვე 100 MB-ს, 30 წუთს,100 SMS-ს სთავაზობს.
დაჯილდოების შემდეგ სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრ ”ბიგ-ბენდის” კონცერტი გაიმართა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ახალ სასწავლო წელს 4 000-მდე პირველკურსელი ჰყავს. მათ შორის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა დიზაინის საერთაშორისო ინგლისურენოვანი სკოლა (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა), სადაც სტუდენტებს მოწვეული უცხოელი პედაგოგები უკითხავენ ლექციებს. დიზაინის საერთაშორისო სკოლის ბაკალავრიატში წელს უკვე 50 სტუდენტი ჩაირიცხა.