|
29-12-2009, 01:32
29 დეკემბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება პრეზენტაცია აკადემიკოს სერგი ჯიქიასა და პროფესორ ნოდარ შენგელიას წიგნისა - "1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი". "თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი" ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა აღმოსავლეთ საქართველოსა და საერთოდ, ამიერკავკასიის ხალხთა ისტორიის შესასწავლად. იგი შეიქმნა ოსმალეთის იმპერიის მიერ თბილისის დაპყრობის (1723 წ.) შემდეგ. დავთარს, როგორც წყაროს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის, ონომასტიკის, საისტორიო გეოგრაფიისა და სხვა საკითხების შესასწავლად. თბილისის ვილაიეთის 1728 წლის დიდი დავთარი მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ისტორიის შესახებ ძალზე საინტერესო მონაცემებს. თბილისის ვილაიეთის დავთრის ორივე ტომი იძლევა ცნობებს ოსმალური გადასახადების შესახებ. წყარო ერთ-ერთი საუკეთესო მასალაა ოსმალური გადასახადებისა და საგადასახადო სისტემის მთელი რიგი საკითხების შესასწავლად. დავთარში დასახელებულია 1000-ზე მეტი სოფელი. მას იქვე აქვს მიწერილი თითოეული სოფლისთვის დაწესებული გადასახადების რაოდენობა. |
|