|
8-09-2010, 00:46
24-25 სექტემბერს პროექტის “ერთად ჩვენ შევძლებთ" ფარგლებში თბილისის ისტორიის მუზეუმში, “ქარვასლაში”, ეწყობა ხელოვანი დევნილების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენის პარალელურად, გაიმართება ფოტოკონკურსი, სახელწოდებით “ერთად ჩვენ შევძლებთ”.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც წარმოადგენს ფოტომასალას დევნილობის თემაზე. სასურველია, წარმოდგენილი ფოტოები ასახავდეს დევნილობაში მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას, მათ ახალ რეალობას იძულებით გადაადგილების გამო, დევნილთა განცდებსა და იმედებს.
მიღებული საკონკურსო მასალა გაივლის 2-ეტაპიან შერჩევას: პირველ ეტაპზე საგამოფენოდ 50 საუკეთესო ფოტო შეირჩევა, რომლებიც 24-25 სექტემბერს “ქარვასლას“ საგამოფენო დარბაზში გამოიფინება. შერჩევის მეორე ეტაპზე, 50 საგამოფენო ნამუშევრიდან საუკეთესო სამეული გამოვლინდება.
ფოტოკონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების ავტორთათვის დაწესებულია პრიზები _ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ ავტორებს გადაეცემათ საპრიზო ადგილის მიხედვით 300-, 200- და 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათები “ფოტოსამყაროს“ მომსახურებაზე. ამასთან, კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი მონაწილეობისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაგზავნონ ფოტოები 2010 წლის 15 სექტემბრამდე შემდეგ ელ.მისამართზე: mnanitashvili@economists.ge ან მიიტანონ ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ოფისში, შემდეგ მისამართზე: ორბელიანის 35, თბილისი. სასურველია, მოწოდებულ ფოტოებს ავტორებმა შეურჩიონ სახელი. გაგზავნილ ან მიტანილ მასალასთან ერთად, ავტორმა უნდა მიუთითოს ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონი.
პროექტი "ერთად ჩვენ შევძლებთ" (იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელ თემთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა აქტიური დიალოგისა და გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვის გზით) ხორციელდება პარტნიორებთან ერთად: "ოქსფამ დიდი ბრიტანეთი" (Oxfam GB), ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეა და "ველფეარ ფაუნდეიშენი" (Welfare Foundation). პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით. ghn.ge |
|