|
12-02-2013, 18:45
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განათლების მე-3 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. უნივერსიტეტის რვავე ფაკულტეტი, ასევე, სტუდენტური თვითმმართველობა, სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი გამოფენაზე თავიანთი მიღწევებით წარდგებიან. 15-16 თებერვალს გამოფენების ცენტრ ”ექსპო-ჯორჯიას” მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება უნივერსიტეტები, კოლეჯები და უმაღლესი სკოლები სხვადასხვა ქვეყნიდან, ესენია: ბრიტანეთი, თურქეთი, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, ჩეხეთი, პოლონეთი, მალაიზია, რუსეთი, უნგრეთი. საგამოფენო სტენდებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-მდე ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო და კერძო უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, ასევე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, რომელთა მიზანი საგანმანათლებლო სექტორის ხელშეწყობა და განვითარებაა.
ორი დღის განმავლობაში გაიმართება უნივერსიტეტების პრეზენტაციები და ღია კარის დღეები. დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა, სასურველი ინფორმაცია უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისგან მიიღოს და პროგრამებსა და სწავლის პირობებს გაეცნოს.
გამოფენის დანიშნულებაა, თავი მოუყაროს ყველა იმ ორგანიზაციასა და სასწავლებელს, რომლის შეთავაზებაც საინტერესო იქნება სტუდენტებისთვის, აბიტურიენტებისთვის და მათი მშობლებისთვის. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია და ორი დღის განმავლობაში, 12-იდან 19 საათამდე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი დათვალიერება. გამოფენის ფარგლებში, გაიმართება წამახალისებელი და გასართობი ღონისძიებები, გათამაშდება პრიზები და საჩუქრები, ჩატარდება უნივერსიტეტების გასართობი აქციები. |
|