საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯვარგუმბათოვანი ტაძრის პროექტი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მოიწონა. ტაძრის პროექტის ავტორია არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი ზურაბ ტიტვინიძე.
პატრიარქს პროექტი თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარუდგინეს.
საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრისა და საქართველოს საინჟინრო აკადემიის თაოსნობით, 14 ივნისს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე “წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავლისა”.
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა პატრიარქსა და დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ აკადემიური საბჭოსა და სენატის ერთობლივი გადაწყვეტილების თანახმად, ტექნიკურ უნივერსიტეტს განზრახული აქვს ცენტრალურ ჯვარგუმბათოვანი ტაძრის აშენება მე-3 სასწავლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ეკრანზე ვიდეოკლიპის სახით დემონსტრირებულმა ტაძრის პროექტმა დამსწრე საზოგადოების და უწმინდესის მოწონება დაიმსახურა. პატრიარქი დაინტერესდა ტაძრის პროექტით და თავისი მოსაზრება პროექტის ავტორს, ზურაბ ტიტვინიძეს გაუზიარა. რექტორმა განმარტა, რომ ტაძრის პროექტი საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის მიერ 2013 წლის 10 აპრილსაა დამტკიცებული. უწმინდესმა მოიწონა პროექტი, დალოცა ამ საქმის მესვეურნი და ტაძრის აღმშენებლობაში წარმატება უსურვა.
სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ 2013 წლის 28 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება (N868), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე აშენდეს ჯვარგუმბათოვანი ტაძარი. ტაძრის საპროექტო დოკუმენტაციის უზრუნველყოფა დაევალა პროფესორ ზურაბ ტიტვინიძეს.
პროფეორ ზურაბ ტიტვინიძს განცხადებით, ცენტრალურ ჯვარგუმბათოვანი ტაძრის პროექტი საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო-მეთოდურმა ცენტრმა 2013 წლის 10 აპრილს დაამტკიცა. ტაძრის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადემის საქმეში ჩართულია ტექნიკური უნივერსიტეტის თითქმის ყველა სტრუქტურა და სამშენებლო პროფილის ფაკულტეტის წარმომადგენლები. ტაძრის პროექტის საფრეზენტაციო ვიზუალური მასალის მომზადება, კომპიუტერული უზრუნველყოფა თუ ფიზიკური მოდელების დამზადება განხორციელდა სტუ-ის არქიტექტურული უზრუნველყოფის სამსახურის ბაზაზე. მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულნი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა ის წარმომადგენლები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სასწავლო დისციპლინის “პლასტიკური არქიტექტურული მოდელირების” ანუ მოცულობითი არქიტექტურული გრაფიკის წარმატებულად ათვისებაში.
“უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, კონფერენციაზე წარმოდგენილი სტუ-ს ჯვარგუმბათოვანი ტაძრის პროექტის მოწონება და ამ პროექტისადმი გამოხატული მაღალი ინტერესი, უდიდესი სტიმულია პროექტის დამუშავების და მისი რეალიზაციის საქმეში ჩართული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგთა და სტუდენტთა გუნდისთვის”, – აცხადებე ზურაბ ტიტვინიძე.