|
5-01-2010, 03:41
/GHN/ 5 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ალბომის _ "დიმიტრი ყიფიანი - ცხოვრება და მოღვაწეობა” _ პრეზენტაცია. XIX საუკუნის ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის ფოტო- და დოკუმენტური არქივი ფოტომატიანის სახით გამოიცა. ღონისძიება დეველოპერული კომპანია "რედიქსისა" და სახველმოქმედო ფონდ "ცისკრის” ხელშეწყობით ტარდება. ფოტოალბომი ეძღვნება წმინდანად შერაცხული დიმიტრი ყიფიანის აღსრულებიდან ასმეოცე წლისთავს. ფოტომატიანე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით გამოიცა კომპანია "რედიქსის” გენერალური დირექტორის ლაშა პაპაშვილისა და ბანკ "რესპუბლიკის” დახმარებით. დიმიტრი ყიფიანის სახელს უკავშირდება კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, საჯარო ბიბლიოთეკის დაარსება, პროფესიული ჟურნალისტიკის ჩამოყალიბება, ქართული თეატრის შექმნა, სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაფუძნება, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ხელმძღვანელობა. "სასიხარულოა, რომ შევძელით საქართველოს სიძველეთსაცავებში არსებული მდიდარი ფოტომასალის მოძიება, თავმოყრა; საოჯახო მასალის დამუშავება. ერის ღირსების დაცვისთვის დიმიტრი ყიფიანს რუსეთის ხელისუფლებამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, მაგრამ მოწამებრივი აღსასრულისათვის იგი წმინდანად შეირაცხა. ვფიქრობთ, ამ ფოტომატიანის გამოცემით ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს ეროვნულ საქმეში”, - აცხადებს კომპანია "რედიქსის” გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილი. |
|