თბილისში, საბურთალოზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე და მეათე კორპუსებს შორის, პროფესორ ლამარა კერესელიძის სახელობის სკვერი გაიხსნა. ულამაზესი სკვერის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი ნუგზარ წერეთელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ლამარა კერესელიძის მეგობრები და ოჯახის წევრები, მათ შორის, მისი მეუღლე, პროფესორი ვასილ კოპალეიშვილი.
ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი ლამარა კერესელიძე გასული წლის შემოდგომაზე გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, 2012 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, სტუდენტ-ახალგაზრდების აღზრდაში გაწეული დიდი წვლილისთვის ლამარა კერესელიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა.
როგორც საქართვლოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა ნუგზარ წერეთელმა განაცხადა, სკვერისთვის ლამარა კერესელიძის სახელის მინიჭება შემთხვევითი არაა. “ქალბატონი ლამარა წლების განმავლობაში უვლიდა და პატრონობდა ამ ტერიტორიას. აქ ყველა ხე მისი დარგულია. ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი გამორჩეული იყო თავისი შრომისმოყვარეობით, ინტელექტით, სიკეთითა და უანგარობით. გაჭირვების წლებში სახლიდან მოჰქონდა ტკბილეული და სტუდენტებს ურიგებდა”, – ყვება ნუგზარ წერეთელი.