|
5-11-2013, 18:04
ხვალ, 6 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია სტუ-ის მეორე კორპუსში აწყობს შეხვედრას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ნანა ხაზარაძესთან, რომელიც რამდენიმე ათეული წელია ნაყოფიერად მოღაწეობს სტუ-ში.
ნანა ხაზარაძე წლების განმავლობაში იყო საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი. მისი შრომითი საქმიანობა 1957 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ინსტიტუტში დაიწყო. ნანა ხაზარაძემ 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1986 წელს _ სადოქტორო. 1992 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. გამოქვეყნებული აქვს ორასამდე ნაშრომი ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ ენებზე, მათ შორის 10-ზე მეტი წიგნი; არის ათეულობით სამეცნიერო მონოგრაფიის, კრებულის, სტატიის რედაქტორი, რეცენზენტი; მისი ხელმძღვანელობით მოემზადა 7 მეცნიერებათა დოქტორი და კანდიდატი; ამჟამად ხელმძღვანელობს დოქტორანტებს (პიროვნება, პოლიტიკა და საზოგადოება); ნანა ხაზარაძე არის 130-მდე საერთაშორისო, საკავშირო, რესპუბლიკური, საუნივერსიტეტო და საინსტიტუტო სამეცნიერო კონფერენციის, სესიის, სიმპოზიუმის მონაწილე, ათზე მეტი სადოქტორო ნაშრომის ოპონენტი; არის ოთხი სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი, ხუთი სამეცნიერო გრანტის მონაწილე; ნანა ხაზარაძეს 1985 წელს მიღებული აქვს ს. ჯანაშიას სახელობის პრემია, 1996 წელს _ ღირსების ორდენი, სახელმწიფო მედალი, 2010 წელს _ აკადემიკოს ე. თაყაიშვილისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს გ. მელიქიშვილის სახელობის პრემიები.
ამჟამად ნანა ხაზარაძე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების დეპარტამენტი სრული პროფესორი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის კომისიის წევრი, საქართველოს მეცნიერების ისტორიის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან არსებული ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო საბჭოს აქტიური წევრი, საერთაშორისო მეროისტიკული საზოგადოების საპატიო წევრი, კავკასიის ხალხთა ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ი. ჭავჭავაძის სახელობის წიგნის მოყვარულთა ასოციაციის გამგეობის წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციის _ “ფენიქსი XXI” (ისტორია და თანამედროვეობა) დამფუძნებელი და პრეზიდიუმის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციის “შალომის” გამგეობის წევრი.
ორი წლის წინ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული მრავალწლიანი აქტიური და ნაყოფიერი სასწავლო–აღმზრდელობითი მუშაობისთვის პროფესორი ნანა ხაზარაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა. |
|