7 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 22 თებერვლის დადგენილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული მრავალწლიანი აქტიური და ნაყოფიერი სასწავლო–აღმზრდელობითი მუშაობისთვის პროფესორები – ნანა ხაზარაძე, ვანო თვალავაძე, გურამ ვარშალომიძე და დემურ ტალახაძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ნანა ხაზარაძე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი. მისი შრომითი საქმიანობა 1957 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ინსტიტუტში დაიწყო. ნანა ხაზარაძემ 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1986 წელს _ სადოქტორო. 1992 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. გამოქვეყნებული აქვს ორასამდე ნაშრომი ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ ენებზე, მათ შორის 11 წიგნი; არის ათეულობით სამეცნიერო მონოგრაფიის, კრებულის, სტატიის რედაქტორი, რეცენზენტი; მისი ხელმძღვანელობით მოემზადა 7 მეცნიერებათა დოქტორი და კანდიდატი; ამჟამად ხელმძღვანელობს ექვს დოქტორანტს; ნანა ხაზარაძე არის 130–მდე საერთაშორისო, საკავშირო, რესპუბლიკური, საუნივერსიტეტო და საინსტიტუტო სამეცნიერო კონფერენციის, სესიის, სიმპოზიუმის მონაწილე, ათზე მეტი სადოქტორო ნაშრომის ოპონენტი; არის ოთხი სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი, ხუთი სამეცნიერო გრანტის მონაწილე; ნანა ხაზარაძეს 1985 წელს მიღებული აქვს ს. ჯანაშიას სახელობის პრემია, 1996 წელს _ ღირსების ორდენი, სახელმწიფო მედალი, 2010 წელს _ აკადემიკოს ე. თაყაიშვილისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს გ. მელიქიშვილის სახელობის პრემიები.
ვანო თვალავაძე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფკავშირების ხელმძღვანელი, შავი ლითონების მეტალურგიის სრული პროფესორი. რამდენიმე ათეული წელია, ნაყოფიერად მოღვაწეობს სტუ–ში. თვალავაძეს 6 იანვარს 70 წელი შეუსრულდა.
გურამ ვარშალომიძე არის სამთო–გეოლოგიის ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 88–ე მიმართულების სრული პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. იგი ნაყოფიერად მოღვაწეობს სტუ–ის სასწავლო და სამეცნიერო პროცესებში, გამოქვეყნებული აქვს ორასამდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, მეთოდური მითითებები; 2010 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია; არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის აჭარის განყოფილების ხელმძღვანელი.
დემურ ტალახაძე არის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის 31–ე მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი. იგი მრავალი წელია ეწევა აქტიურ სამეცნიერო–პედაგოგიურ მოღვაწეობას სამთო–გეოლოგიის ფაკულტეტზე; არის სხვადსხვა სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოს წევრი და ცნობილი ექსპერტი წიაღისეულთა გადამუშავების ტექნოლოგიების ხაზით; გამოქვეყნებული აქვს დაახლოებით ასი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის სახელმძღვანელოები; არის ოცამდე გამოგონების ავტორი.